დავით სონღულაშვილი: საქსტატის მონაცემები მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ ადასტურებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა. მისი თქმით, მეორე კვარტლის შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან მაჩვენებელს შეიცავს. „მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2 პარამეტრი: შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 9,4%-იანი ზრდა და 34.3 პროცენტით გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც, დეპუტატის თქმით, მომავალში აუცილებლად აისახება ეკონომიკურ ზრდაში.
„აღნიშნული ტენდეციები თუ გაგრძელდა, მით უმეტეს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ფონზე, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს“,- აცხადებს დავით სონღულაშვილი.
მისი ინფორმაციით, ინვესტიციების ზრდა რეალურ სექტორში ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები არ არის განხორციელებული ერთი კონკრეტული მიმართულებით და სხვადასხვა სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მთლიან რეგიონთან შედარებით, ერთ-ერთი ლიდერები ვართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას“,- აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები