ირაკლი კობახიძე: ორშაბათს დაგეგმილ აქციას პოლიტიკური ფონი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ერთი რაუნდი ამ აქციების უკვე ვიხილეთ. ვნახეთ პირველ დღეს როგორ წარიმართა მოვლენები. პირველად იყო რეალური, ემოციური ფონი, შემდეგ ეს გადაიზარდა პოლიტიკურ აქციებში. დღესაც ვხედავთ, რომ იმ აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ყველას სურს.

„ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ სახეს უახლოეს მომავალში”,- განაცხადა კობახიძემ

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება ამ საქმეს ნათელი მოეფინოს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა. ის 10 სექტემბრიდან აქციებს გეგმავს.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა.

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები