ირაკლი კობახიძე: შესაძლოა, გქონდეს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ გარკვეული ზღვარი არ უნდა გადაკვეთო, როდესაც ასეთი არასწორი ინტერპრეტაციების ასახვამ დასკვნაში შეიძლება, ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია შეაფერხოს

 

„კონკრეტული ტელევიზია ცდილობდა, რომ წარმოეჩინა ერთი კერძო ქართველი ექსპერტის დასკვნა, როგორც ევროპარლამენტის დასკვნა და ის დასკვნა, რომელიც მოამზადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა მამიკინსმა, წარმოაჩინა, როგორც მიკერძოებული დასკვნა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიშზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი დადებითია და ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას ასახავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, ნებისმიერ დოკუმენტში შევიდეს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მთავარია ჭეშმარიტება, რომელიც ანგარიშის საბოლოო ვარიანტში ზუსტად იქნება ასახული.

„ ჭეშმარიტება კი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად, 2012 წლიდან, და კონკრეტულად, რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ამ მიმართულებითაც, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად და ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია და შესაბამისად, ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც არის გათვალისწინებული ევროკავშირთან დადებული შეთანხმებით. შესაბამისად, დასკვნის პროექტი არის პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე პოზიტიური, დადებითი იქნება დასკვნის საბოლოო ვარიანტი, იმიტომ, რომ ეს არის რეალობა, ეს არის ჭეშმარიტება და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, როდესაც საქმე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას ეხება, ყველა პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად ფრთხილი და ობიექტური უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ უნდა იქნას გადაკვეთილი გარკვეული ზღვარი.

„ზოგადად, ოპოზიციას რომ აქვს განსხვავებული ხედვა ხელისუფლებისგან, ეს არის ნორმალური მოვლენა. თუმცა, აქ ერთი რამე უნდა აღინიშნოს: როდესაც საქმე ეხება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, იქ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი და უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური. შეიძლება, შენ იყო უფრო მეტად მწვავე, არაობიექტურობაც არის პოლიტიკის ნაწილი, ხომ?ოპოზიცია შეიძლება იყოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში, გარკვეულწილად, არაობიექტური-ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. თუმცა, არის გარკვეული ზღვარი, როდესაც ისეთი რამის ჩაწერას ცდილობ დასკვნაში, რომელიც საერთოდ აცდენილია რეალობას, როდესაც საუბარია მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ დრამატულ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან, ასეთ დროს, ბუნებრივისა, გარკვეული ზღვარის გადაკვეთა ხდება. ანუ, შეიძლება, შენ გქონდეს შენი სუბიექტური პოზიცია, განსხვავებული პოზიცია, მაგრამ გარკვეული ზღვარი არ უნდა გადაკვეთო, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ასეთი არასწორი ინტერპრეტაციების ასახვამ დასკვნაში, შეიძლება, შეაფერხოს ჩვენი სწრაფვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის საქმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რა მოხდა ტელევიზიასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებს დასკვნაში ჭეშმარიტებისგან განსხვავებული „ვირტუალური სინამდვილე” ჩააწერინონ.

„ყველამ იცის, რა მოხდა „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით თავის დროზე, როგორ გადადიოდა ერთ ხელიდან მეორე ხელში ეს ტელევიზია თავის დროზე და როგორ დაისაკუთრა მიხეილ სააკაშვილმა ეს ტელევიზია და დღემდე, ყველამ ვიცით აბსოლუტურად, რომ ეს ტელევიზია არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრება. ეს არის რეალობა. მთელი საქართველოს თვალწინ მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაზე” ამ ტელევიზიის გადაფორმება და კანონიერ მესაკუთრეს, სააკაშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” წაართვა ეს ტელევიზია. ეს არის ჭეშმარიტება. და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ჭეშმარიტება ამოაყირავონ და სხვანაირად ჩააწერინონ ევროპარლამენტში ჩვენს კოლეგებს, რაც შეუძლებელია, ხომ? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „რუსთავი 2″ სააკაშვილმა წაართვა კანონიერ მესაკუთრეს, ერთს, მეორეს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა მისი საკუთრების ქვეშ, გადაფორმებული აქვს ფორმალურად ეს ტელევიზია თავის მარჯვენა ხელებზე, ყარამანიშვილებზე, ნაყოფია გამოჩნდა. ეს არის ჭეშმარიტება და ამისგან განსხვავებული, რაღაც ვირტუალური სინამდვილის ჩაწერას რომ ცდილობ შენ ევროპარლამენტის დასკვნაში, ამ დროს ზღვრები იკვეთება. ამაზეა საუბარი. რაც ხდებოდა „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით და რაც არის სტატუს ქვო „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით, ეს ყველამ იცის-საქმე არის სტრასბურგში, სტრასბურგი მიიღებს გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე წინასწარი ანგარიშისგან არსებითად განსხვავებულ საბოლოო დოკუმენტს არ ელოდება. მისივე შეფასებით, ქართველმა კერძო ექსპერტმა მის მიერ მომზადებულ დასკვნაში საკუთარი შეხედულებები ასახა და შემდეგ, კონკრეტული ტელევიზია მოვლენების სხვაგვარად წარმოჩენას შეეცადა.

„საბოლოო დასკვნას უნდა დაველ

ოდოთ თუმცა, მე არსებით სხვაობას არ ველოდები წინასწარ დასკვნასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთანხმდებით სინამდვილესთან დაკავშირებით. იყო საუბარი „ალტერნატიულ” დასკვნაზე. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ევროპარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმა, სამსახურმა, დაუკვეთა ერთერთ იტალიურ უნივერსიტეტს კვლევა, რომელმაც, თავის მხრივ, ეს კვლევა დაუკვეთა ერთერთ ქართველ ექსპერტს, რაც თავისთავად, ბუნებრივია, არასწორია, იმიტომ, რომ ნებისმიერ ქართველს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, აქვს თავისი სუბიექტური პოზიცია.მეც, თქვენც, გვაქვს საკუთარი აღქმა ამ პოლიტიკური პროცესების, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს დასკვნა იქნებოდა მიკერძოებული ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. აღმოჩნდა, რომ იყო მიკერძოებული მეორე მხარეს, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება ალტერნატივად იმ დასკვნისა, რომელსაც ოფიციალურად წარმოადგენს ევროპარლამენტი. მთავრი ხომ ეს დასკვნაა? ამ დროს ვხედავდით ჩვენ, რომ კონკრეტული ტელევიზია ცდილობდა ამ მოვლენების სრულიად სხვაგვარად წარმოჩენას. არის, ერთი მხრივ, ერთი კერძო ექსპერტი, ქართველი, რომელიც თავისი თვალით უყურებს მოვლენებს და ეს საკუთარი შეხედულებები ასახა თავის დასკვნაში და სცადეს, ეს დასკვნა წარმოეჩინათ, როგორც ევროპარლამენტის დასკვნა და უყურებდით თქვენ ამ მოვლენებს, მაშინ, როდესაც ეს კონკრეტული ექსპერტი ამ დასკვნისთვის გააკრიტიკეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა იქვე, როდესაც მან პრეზენტაცია განახორციელა. ეს იყვნენ როგორც მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, ევროპის სახალხო პარტიის და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. მთავარია ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება იქნება ბოლოს ასახული ევროპარლამენტის დასკვნაში. მე იმის თქმა მინდა, რომ კონკრეტული ტელევიზია ცდილობდა, რომ წარმოეჩინა ერთი კერძო ქართველი ექსპერტის დასკვნა, როგორც ევროპარლამენტის დასკვნა და ის დასკვნა, რომელიც მოამზადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა მამიკინსმა, წარმოაჩინა, როგორც მიკერძოებული დასკვნა, ლამის კრემლის აგენტად გამოაცხადეს ჩვენი ლატვიელი კოლეგა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” და მისი მართული ტელევიზიის ხელწერა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ იმ ოთხ კონკრეტულ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის დასკვნაშია სუბარი. მისი თქმით, ოთხივე საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს კონკრეტული გეგმა აქვს.

„არის ოთხი კონკრეტული საკითხი. ერთერთი ეხება საარჩევნო სისტემას. ამ წუხილს მეც ვიზიარებ პირადად. მეც ვიყავი მომხრე იმისა, რომ პროპორციული სისტემა ახლავე ამოქმედებულიყო. ჩვენ გვჭირდებოდა კონსესუსი, მმართველი გუნდის შიგნით, ამ საკითხთან დაკავშირებით და შევჯერდით ორსაფეხურიან რეფორმაზე. შესაბამისად, საბოლოო მიზანი რაც იყო, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა-ეს მიზანი არის მიღწეული და ეს ცვლილებები, საბოლოო სახით, ანუ ყველა საკვანძო ნორმა ჩვენი ახალი ახალი კონსტიტუციის, ახალი რედაქციის, ამოქმედდება, როგორც კი შედგება 2020 წელს პარლამენტის პირველი შეკრება. ეს იყო ერთგვარი ოცნება, საზოგადოების, რომ გადავსულიყავით ერთი სისტემიდან მეორე სისტემაზე და ეს არ ეღირსა ქართულ საზოგადოებას. საბოლოო ჯამში მოხერხდა ამის მიღწევა უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩემი გადმოსახედიდან დანახული რეალობა.

საბოლოო ჯამში, ეს იყო ფუნდამენტური, საკვანძო ცვლილება, რომელიც განხორციელდა კონსტიტუციაში. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე რაც შეუქცევადს გახდის ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის ფუნდამენტური მიღწევა. რაც შეეხება სხვა საკითხებს-ნარკოპოლიტიკა,

მოგეხსენებათ, ეს არის მიმდინარე საკითხი და პარლამენტი უკვე შემდეგ სასესიო კვირაში მიუბრუნდება ამ საკითხს და ამ სესიის განმავლობაში იქნება მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ორივე ძირითადი მიმართულებით, რაც არის აქ მოაზრებული. სხვა საკითხებთან მიმართებითაც, როგორიც არის ანტიკორუფციული, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და ეს საკითხიც განვიხილოთ და რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ესეც არის მიმდინარე საკითხი უკვე მზადდება კანონპროექტი, რომელიც საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული. არის ოთხი კონკრეტული საკითხი და ოთხივეზე გვაქვს კონკრეტული გეგმა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები