ირაკლი კობახიძე: არ არის მიზანშეწონილი და გამართლებული, რომ გადამხდელის თანხების ხარჯზე მოხდეს თანამდებობის პირების მთელი ცხოვრების მანძილზე, ან თუნდაც, რამდენიმე წლის განმავლობაში შენახვა

 

„კონკრეტული ადამიანების არასწორი პრივილეგიების გამო არ უნდა ზარალდებოდეს საზოგადოება და ეს არის ამ ცვლილების მიზანი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი პირადი ინიციატივა იყო, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაცვის სამსახური არ უნდა ემსახურებოდეს. მისივე თქმით, ეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტში აუცილებლად აისახება.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა რეგლამენტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, უქმდება ძველი რეგლამენტი და ჩვენ ვიღებთ რეგლამენტს პარლამენტის ახალ რეგლამენტს და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც არის ასახული ამ დოკუმენტში, არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის უსაფრთხოების საკითხი. იქ გამოვედი მე კონკრეტულად ინიციატივით, ჩემთან დაკავშირებით მათ შორის, ანუ სუბიექტური ინტერესთა კონფლიქტი იყო ერთგვარი და მე გამოვედი თვითონ ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ოთხწლიანი ვადაა განსაზღვრული. არაფერში არ არის საჭირო, არავისთვის არ არის საჭირო ის, რომ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც ემსახურებოდეს დაცვა. ეს არის თანხების ფუჭი ყრა და ჩვენ არა გვაქვს ნამდვილად წყალში გადასაყრელი თანხები. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, საუბარია გადასახადის გადამხდელის თანხებზე. შემდეგ დისკუსია გაგრძელდა ამასთან დაკავშირებით. ეს აუცილებლად იქნება ასახული რეგლამენტის ახალ პროექტში ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუნარჩუნდება დაცვა შემდეგ 4 წლის განმავლობაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დისკუსია გაგრძელდა პრემიერმინისტრთან დაკავშირებითაც. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საპარლამენტო სისტემებისთვის, დამახასიათებელია პრემიერმინისტრების ხშირად ცვლა და არ არის მიზანშეწონილი, რომ გადამხდელის თანხების ხარჯზე,თანამდებობის პირების მუდმივად, ან თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში შენახვა მოხდეს.

„თქვენ ნახეთ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში მეოთხე პრემიერმინისტრია ხელისუფლებაში. ზოგადად დამახასიათებელია საპარლამენტო სისტემებისათვის პრემიერმინისტრების შედარებით ხშირი ცვლა. არანაირად არ არის მიზანშეწონილი, გამართლებული ის, რომ გადამხდელის თანხების ხარჯზე მოხდეს მუდმივად შენახვა თანამდებობის პირების მთელი ცხოვრების მანძილზე ან თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში, რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო სისტემა , სადაც პრეზიდენტს აქვს შესაბამისი უფლებამოსილებები. ეს უფლებამოსილებებიც არის განმსაზღვრელი. ობიექტურად თქვენ თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ არსებობს პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის საჭიროება, მაშინ შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ პრეზიდენტს მთელი ცხოვრება არ სჭირდება უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ბოლოს შევჯერდით ამაზე, რომ არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს ყოფილს არ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ნორმას უკუძალა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

„თქვენ გაიხსენეთ, რამდენი ყოფილი პრემიერმინისტრი ჰყავს ქვეყანას. არამარტო ჩვენ პერიოდში. მანამდე რამდენი ჰყავდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, რომ ამდენი ფული იყრებოდეს ელემენტარულად იმის გამო, რომ არასწორი ნორმა გვიწერია კანონში. რამდენი ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს. პრეზიდენტი ყოფილი ბევრი არ გვყავს, თუმცა იქაც ფულის ფუჭი ყრაა ეს ყველაფერი. რეალურად, კონკრეტული ადამიანების არასწორი პრივილეგიების გამო არ უნდა ზარალდებოდეს საზოგადოება და ეს არის ამ ცვლილების მიზანი. უკუძალა აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ ნორმას. ეს არის ჩემი პოზიცია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები