ირაკლი კობახიძე: მომავალმა პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია, რაც ვერ ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა

 

„უნდა დამკვიდრდეს ახალი ტრადიცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს დაცლილი იმისგან, რაც გვახსოვს გასული წლებიდან – ეს არის სიძულვილი, აგრესია, უზრდელობაც კი. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენები, როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მოქმედებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს წარსულს ჩავაბარებთ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა მმართველი გუნდის გადაწყვეტილების მიზეზი და განაცხადა, რომ იმ სისტემაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა ჩამოყალიბებული, პრეზიდენტი არ უნდა იყოს მიკერძოებული კონკრეტული პარტიის მიმართ.

“იმ სისტემაში, რომელზეც გვაქვს ჩვენ საუბარი და რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს პარტიის წარმომადგენელი, არ უნდა იყოს მიკერძოებული კონკრეტული პარტიის მიმართ. ჩვენ რომ დაგვეყენებინა ჩვენი კანდიდატი, ის იქნებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მას ექნებოდა, ბუნებრივია, მიკერძოებული დამოკიდებულება და ეს არ იქნებოდა, უბრალოდ, სწორი სისტემისთვის, სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სპექტრი იქნება ჩამოყალიბებული ამ კანდიდატების. მე, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჯერჯერობით კანდიდატების სიის გადახედვა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამის საშუალება კვირას, 9 სექტემბერს იქნება, როდესაც 17:00 საათზე პოლიტსაბჭო შეიკრიბება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს პირობების გარეშე დაუჭერს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი მოთხოვნა, რაც პარტიას კანდიდატის მიმართ ექნება, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მოქმედებაა.

„ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი. ერთადერთი პირობა, დაყენებული იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. ეს არის თითოეული ამომრჩევლის და თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა. ამის მეტი მოთხოვნა ჩვენს პარტიას არ ექნება კანდიდატის მიმართ.

არანაირი პოლიტიკური პირობა არ იქნება დაყენებული კანდიდატის მიმართ. პირიქით, პრეზიდენტი არის ის თანამდებობის პირი, მას აქვს მოხსენების უფლება, მას აქვს საკუთარი აზრის ძალიან ფართოდ გამოთქმის საშუალება და შესაბამისად, პრეზიდენტი უნდა იყოს ის თანამდებობის პირი, რომელიც მიანიშნებს ყველა სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ სუბიექტებს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ კანდიდატი იყოს ობიექტური, ის არ იყოს მიკერძოებული და ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებულ კითხვას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია პირველივე ტურში გამარჯვებაში.

„ჩვენი რესურსი და მეორე, ოპოზიციის რესურსი. ანუ, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, ჩემი პირადად დასკვნის. ჩვენ ვიცით რა რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას” და შესაბამისად, რა რესურსი ექნება მის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ კანდიდატს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები წინა არჩევნებიდან და მე არ ველოდები რაიმე არსებით გადახრას იმ არჩევნებთან შედარებით. ჩვენ გვაქვს, ასევე, მზარდი სტატისტიკა, როგორც მოგეხსენებათ ავიღეთ 46%-ი ჯერ თვითმმართველობის არჩევნებში, 49 საპარლამენტო არჩევნებში და 56 ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში. გვაქვს მყარი პოზიციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველ ტურში გავიმარჯვებთ. მითუმეტეს, რომ ოპოზიცია არის წარმოდგენილი ახლა ძირითადად ორი კანდიდატით. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვაშაძე და „ევროპული საქართველოს” კანდიდატი ბაქრაძე. მთელი ოპოზიცია რომ ავიღოთ, რაც ვნახეთ, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ კონკურენციის გაწევას თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყონ მეორე ტურის ჩატარება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი პრეზიდენტი მიუკერძოებელი უნდა იყოს და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ტრადიცია ჩამოაყალიბოს.

„მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს მიუკერძოებელი და მან ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ტრადიცია, რომელიც ვერ ჩამოაყალიბა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა. უნდა დამკვიდრდეს ახალი ტრადიცია და უნდა იყოს დაცლილი პრეზიდენტის ინსტიტუტი იმისგან, რაც ჩვენ გვახსოვს გასული წლებიდან. ეს არის სიძულვილი, აგრესია, უზრდელობაც კი. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენები როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მოქმედებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ჩავაბარებთ ჩვენ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები