თორნიკე რიჟვაძე: თურქეთში სამუშაოებზე ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ქართველებს სახელმწიფო დაეხმარება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზადაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებს დაეხმაროს. როგორც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, საქართველოს არცერთი მოქალაქის უფლებები არ უნდა შეილახოს და ამისთვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

“ყველა სახელმწიფო უწყება მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ დაეხმაროს ყველა ფორმალური საკითხის მოგვარებაში. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაიცვან“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქმე ეხება უხელფასოდ დარჩენილ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის საკითხს, რომლებიც სეზონური სამუშაოებით ორდუს გუბერნიაში იმყოფებოდნენ.

თურქეთში ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში დასაქმებული 17 ქართველი საქართველოში დაბრუნდა. ისინი თურქეთში სამუშაოდ ერთი თვის წინ წავიდნენ, კერძოდ თხილს კრეფდნენ. როგორც ამბობენ დამსაქმებელმა მათ გამომუშავებული თანხის ნაწილი არ გადაუხადა.

ყოველწლიურად ჩაის კრეფის სეზონზე, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქე გადადის. 2018 წელს, ტრაპიზონის საკონსულოს მონაცემებით, თურქეთის 6 გუბერნიის ჩაის პლანტაციებში საქართველოს 10 ათასამდე მოქალაქე მუშაობს სეზონურად. 1 000 კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები