“საქართველო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ქმნის შესაძლებლობებს, რაც საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის ასეთი მნიშვნელოვანია”

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთში, კრინიცის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით გამართულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
თენგიზ ფხალაძემ ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ეს კი, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში მოახერხა.
,,მომავალ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობას 10 წელი უსრულდება. განვლილ გზას თუ შევაფასებთ, ეს წარმატებული ინიციატივაა, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოგვიტანა და მოგვცა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების შესაძლებლობა”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, ახლა, როდესაც გვაქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, როდესაც სახეზეა შთამბეჭდავი შედეგები, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალი თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს.
“ესაა პროცესი, რომელიც მომგებიანია, როგორც საქართველოსათვის, ასევე ევროკავშირისათვის. საქართველო ქმნის შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის. მეტი ინიციატივა და გაბედული ნაბიჯები არის ის, რაც საერთო წარმატებას მოგვიტანს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები