“ანტიდისკრიმინაციული კანონი არანაირ ცოდვას არ აკანონებს“
ერთი რამ უნდა გავითავისოთ, ეკლესია არის სახელმწიფოსგან ცალკე, სახელმწიფო – ეკლესიისგან ცალკე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ტელეიმედის” ტოქშოუში “რეაქცია” ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ქრისტიანული კანონია და ის არანაირ ცოდვას არ აკანონებს.
,,მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება საპატრიარქოს დაუპირისპირდა. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც პირველად, იმ ცხრაწლიანი კოშმარის შემდეგ, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით, თითოეულ იმ კანონპროექტზე, რომელიც შეიძლება თუნდაც ირიბად ეხებოდეს ეკლესიას, ეკლესიასთან თანამშრომლობს.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დაიწერა, ეკლესიის ძალიან ბევრ მაღალი დონის წარმომადგენელთან მუხლობრივად მაქვს გავლილი. ვერც ერთმა მუხლმა ვერ გამოიწვია რაიმე ტიპის დასაბუთებული აღშფოთება. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ეს ზედმეტი აჟიოტაჟი ანერვიულებს კათოლიკოს- პატრიარქს – ეს აჟიოტაჟი ანერვიულებს და არა კანონი.
ერთი რამ უნდა გავითავისოთ, ეკლესია არის სახელმწიფოსგან ცალკე, სახელმწიფო არის ეკლესიისგან ცალკე. რატომ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საპატრიარქომ ეს კანონპროექტი მოიწონოს?! საპატრიარქომ ეს კანონპროექტი არ უნდა მოიწონოს იმიტომ, რომ მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, რომელსაც ცოდვის ნაწილში რომელიმე მორწმუნე შეიძლება არ იზიარებდეს – კი, ეს ასეა. ერთსქესიანთა ქორწინება და ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის ფიზიკური სიახლოვე არის დიდი ცოდვა. ამას ყველა ვიზიარებთ, მაგრამ ამ კანონს არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. ზოგიერთს დავალებული აქვს, ილაპარაკოს, რომ ამ კანონში ეს წერია, მაგრამ ამ კანონში ეს არასდროს ეწერა და ჩვენი ხელისუფლება არ ემხრობა ერთსქესიანთა ქორწინებას. ეს კანონი არ აკანონებს ცოდვას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.