მარიამ ჯაში: ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეებს მრავალი სიახლე ელოდებათ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 900 აბიტურიენტს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 17 სექტემბერს, 30 ახალი სკოლა მოსწავლეებს კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებს, რომელიც აშშ-ის მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. მისი თქმით, პირველად 25 წლის მანძილზე, განათლების სამინისტრო საკუთარი რესურსით ასრულებს 20 ახალი სკოლის მშენებლობას, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, I-VI კლასის მოსწავლეებს წელს სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ხვდებათ. მისივე განცხადებით, სექტემბრიდან ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ეძლევათ.
„ახალ ეტაპს ვიწყებთ ინკლუზიურ განათლებაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ჩართულობით და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით. სპეცპედაგოგები ხდებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ნაწილი. ჩვენ გავამარტივეთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზები და სკოლებს უკვე აქვთ უფლება, დროებით მოიწვიონ კონკრეტული საგნის სპეციალისტები. ამ ცვლილებით, გადაიჭრება სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა ზუსტ მეცნიერებებსა თუ უცხო ენაში. ხორციელდება მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც იქნება სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი ინფორმაციით, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
„სექტემბერში, ჩვენ დავასრულებთ მუშაობას პროფესიული განათლების კანონზე, რომელიც საჯარო და კერძო კოლეჯების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის. პროფესიული განათლების კანონი შექმნის როგორც საქართველო-გერმანიის, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზისს”, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობასაც გამოეხმაურა.
„როგორც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ეს პროექტი შეიძლება გახდეს რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო. საამაყოა, რომ სწორედ საქართველო გახდა ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც გაიხსნა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სკოლა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მანვე, გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კომიტეტის პრიორიტეტებზე, ესენია: მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია განათლების სისტემაში; სახელოვნებო და სპორტული განათლების გაუმჯობესება; პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა; საგამოცდო და ტესტირების სისტემების გადახედვა განათლების ყველა საფეხურზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები