ნატო ჩხეიძე: საქართველოში კორუფციის აჩრდილი დადის

პარლამენტარ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის აჩრდილი დადის, მაგრამ შესაბამისი ორგანოები არაფერს ან ძალიან ცოტას აკეთებენ მის აღსაკვეთად. მისივე თქმით, ისინი ინდურ-ბუდისტური სამი მაიმუნის სიმბოლოსავით იქცევიან – ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობ.
„პარლამენტში ერთგვარ სასიამოვნო წესად იქცა სესიის დაწყების მილოცვა. ​მეც შევასრულებ ამ წესს და მოგილოცავთ პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყებას, მხოლოდ ერთი პირობით, რომ ის მისალოცი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ აქ მიღებული გადაწყვეტილებები საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის, თუ აქ მიღებული კანონები შვებისმომგვრელი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ყოფისათვის, უნარშეზღუდული პირებისათვის, დევნილთათვის, სახლ-კარიდან გამოსახლებულებისთვის, უპოვართათვის, სამართლის მაძიებელთათვის…
მაგრამ არ ვიცი, რა არის მისალოცი ქვეყანაში, სადაც, ცნობილი ფრაზის პერიფრაზა რომ გამოვიყენო: აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კორუფციისა! სადაც თითქმის ყველა ნაბიჯზე კორუფციის აშკარა ნიშნები იკვეთება და შესაბამისი ორგანოები კი არაფერს ან ძალიან ცოტას აკეთებენ მათ აღსაკვეთად, ინდურ-ბუდისტური სამი მაიმუნის სიმბოლოსავით იქცევიან: ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობ. და ქვეყანაშიც არაფერი იცვლება, არ ვიცი, პოლიტიკური, არ ვიცი, პირადი მოსაზრებების გამო, არადა, შესაცვლელი უამრავი რამაა.
​მოვუწოდებ მთავრობის, სამინისტროების თუ შესაბამის სტრუქტურებს, მოახდინონ ადმინისტრირება იმ კანონებისა, რომლებიც აქ, პარლამენტშია მიღებული, რათა ჩვენს ქვეყანაში მისალმების ნაცვლად, არ დამკვიდრდეს საუკუნე-ნახევრის წინ ილიას მიერ გამოთქმული გულსაკლავი ფრაზა: „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ – განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები