მამუკა არეშიძე თრუსოს ხეობაზე: ხიფათი არის საკმაოდ წონიანი, ამას შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოები სჭირდება

“ვფიქრობ, ხიფათი არის საკმაოდ წონიანი, ამას სჭირდება შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოები, ნაწილი მიმდინარეობს, მაგრამ მეტია გასაკეთებელი”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თრუსოს ხეობის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთმა ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის გეგმის რეალიზაცია მოინდომა, ამის გაკეთებას შეეცდება კიდევაც.
„როგორც ჩანს, მოსკოვთან შეთანხმებით, ჩრდილო ოსეთში დისლოცირებულმა „დარიალის“ ორგანიზაციის წევრებმა ახალი იდეოლოგიური პოსტულატი შექმნეს. ეს არის აღმოსავლეთ ოსეთი. ეს არ ჰქონიათ ადრე, ადრე იყო თრიალეთის ოსეთი. აღმოსავლეთ ოსეთი ახალი ტერმინი, იდეოლოგიური პოსტულატია და უფრო მარტივი გასაგებია ზოგიერთი ბნელისთვის. ცდილობენ, ეს იდეა გაააქტიურონ.
თრუსოს ხეობა სჭირდებათ იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს სამხედრო გზის ბლოკირება, ანუ ერთადერთი არტერიის, რომელიც აკავშირებს საქართველოს ჩრდილოეთის მიმართულებასთან. როგორც ვხედავ, საქართველოს ხელისუფლება ხედავს ამ გამოწვევას და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თრუსოს ხეობაში საზღვრის გამაგრების თვალსაზრისით. იქ არის ურუსტას უღელტეხილი, რომელიც გადმოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან თრუსოს ხეობისკენ. ამ უღელტეხილის ჩაკეტვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. იმიტომ, რომ წესით, ნებისმიერი აქტივობა ამ უღელტეხილიდან უნდა მოხდეს.
რასაკვირველია, რთული ვითარებაა, თუ მოინდომა რუსეთმა ამ გეგმის რეალიზაცია, რასაც ჰქვია აღმოსავლეთ ოსეთის გეგმა, ამის გაკეთებას შეეცდება. ვფიქრობ, ხიფათი არის საკმაოდ წონიანი, ამას სჭირდება შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოები, ნაწილი მიმდინარეობს, მაგრამ მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, დაახლოებით 1 თვის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, ჟურნალისტ გიორგი გვიშიანთან რუსული სატელეფონო კოდიდან ზარი განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ზარის ავტორი ირწმუნებოდა, რომ მალე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოკუპაცია იგეგმებოდა.
„საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომ შექმნილიყო პირობა შემდგომში რუსეთისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოკუპირებისთვის. ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ დამნაშავე ქართული მხარე გამოვიდეს. კონკრეტული ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩატარდა რუსეთისა და საქართველოს ოპერაცია,“ – განაცხადა სატელეფონო ზარის ავტორმა “რუსთავი 2-ის“ ცნობით.
მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ერთერთმა დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ თრუსოს ხეობაში შესაძლო პროვოკაციების თაობაზე მას ცნობები აქვს.
„სანდო წყაროებზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებობს სერიოზული საშიშროება, სექტემბრის ბოლომდე, განხორციელდეს პროვოკაცია თრუსოს ან დარიალის ხეობაში, რის შემდეგაც ოკუპანტები დაიკავებენ აღნიშნულ ხეობებს, ხოლო ზემო ლარსის საზღვარი გადმოიწევს მლეთაში”, – განაცხადა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს, საქართველოს 5 მოქალაქე თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები