ირანის მოქალაქეებს, რომლებიც ნარკოტიკს სხეულში ინახავდნენ, პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს შ.მ.-ს, და შ.ო.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.მ.-მ 129,30 გრ. “ჰეროინი“ და 0,116 გრ. „მორფინი“, ხოლო შ.ო.-მ 98,89 გრ.ჰეროინი“, რასაც შენიღბული სახით ინახავდნენ თავიანთ სხეულში.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს შემოვიდა საქართველოში, სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2018 წლის 26 აგვისტოს შ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), ხოლო შ.ო.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარედგინა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები