მალხაზ კობაურის ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
დაცვის მხარე კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.
„გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო სამართალშემოქმედებითად მიუდგება აღნიშნულ საკითხს და მეტად გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს. შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი, მთელი რიგი უზუსტობებია. ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში”,-აცხადებს ადვოკატი.
მცხეთის რაიონული სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური დღეს პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესი საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნებისა და არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტორის გამო, დახურულ რეჟიმში წარიმართა.
19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტები და მათ ოთხი წლის შვილი მოკლეს.
სმიტების ოჯახის მკვლელობის ბრალდებით მალხაზ კობაური დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები