სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია. ასევე საქმეშია სქესობრივი დანაშაულის ნიშნები.
ადვოკატებმა გამოიყენეს უფლება და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა ორი თვის შემდეგ დააყენეს. მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს. ჩადენილი დანაშაული კი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი.ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.
მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.
21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.
ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.
ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ნათესავები საქართველოში ჩამოვიდნენ და საქმის გამოძიებით დაინტერესდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები