სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მ.მ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა დ.ჭ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დაზარალებულმა დ.ჭ.-მ დაკითხვისას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ მ.მ.-სთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ 2017 წლის 26 იანვარს მ.მ.-ს მისთვის დანა არ დაურტყამს და დაზიანება მან ბოძიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო.
სამართალდამცველებმა დ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2017 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები