შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1989 წელს დაბადებული ო. დ. და 1990 წელს დაბადებული ჯ. ქ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თბილისში, სამ თანამზრახველთან ერთად, მოქალაქე ფ.ც.-ს და ვ.მ-ს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად გასტაცეს „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, ფული, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღური ჯგუფის 2 წევრი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
პოლიცია ბრალდებულების თანამზრახველების დაკავების მიზნით ინტენსიურ სამძებრო-საგამოძიებო და სხვა ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები