“ხორავას ქუჩის საქმის” დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის 30 სკოლის დირექტორს ხვდებიან

თბილისის საჯარო სკოლებში არსებული სისტემური პრობლემებისა და მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის 30-მდე სკოლის დირექტორს ხვდებიან.
სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის მიზეზები განმარტა.
მისი თქმით, სანამ კომისია დასკვნასა და რეკომენდაციას შეიმუშავებს, აუცილებლად მიიჩნიეს, დირექტორების აზრის მოსმენა.
„მოგეხსენებათ, საგამოძიებო კომისია განიხილავს სკოლის უსაფრთხოების საკითხებს და უნდა დაიდოს დასკვნა და ასევე უნდა იყოს რეკომენდაციებიც. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით ძალიან ბევრ ექსპერტს და ასევე აუცილებელია დირექტორებთან შეხვედრა. ფაქტობრივად, ვხვდებით თბილისის ყველაზე დიდი სკოლის დირექტორებს და მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა მანამდე, სანამ დაიდება დასკვნები და რეკომენდაციები. დაახლოებით 30 დირექტორი დაესწრება. მთავარი თემა იქნება სკოლებში უსაფრთხოება, ამასთან დაკავშირებული სერიოზული სისტემური პრობლემები და ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ უნდა გავცეთ“, – განაცხადა კომისიის წევრმა სერგო რატიანმა.
კითხვაზე, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან თუ არა 51-ე და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორები, რატიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მათ უკვე დაკითხეს ორივე სკოლის დირექტორი, ჰქონდათ მათთან შეხვედრები, შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას ისინი არ დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები