ზესტაფონში, მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მინი-ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ტურნირი მუნიციპალური პირველობის მოსაპოვებლად, მერიის ინიციატივით, წლებია იმართება და ამჯერად, ავღანეთში გმირულად დაღუპული უმცროსი სერჟანტის, მარტოთუბნის მკვიდრის, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ფინალურ შეხვედრაში სწორედ მარტოთუბნის გუნდი ასპარეზობდა. მათი მეტოქე საყავრიის უბნის ნაკრები იყო. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა საყავრიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. გუნდები, გარდამავალი თასებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოებით, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს.
„მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტურნირში. განსაკუთრებით ფინალისტებს, რომ ასეთი სანახაობა და თავდაუზოგავი თამაში გვაჩვენეს. მარტოთუბნელებისთვის ფინალში თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა, რადგან ტურნირი ჩვენი გმირის, მარტოთუბნელი მდინარი ბებიაშვილის სახელს ატარებს. მსგავსი სპორტული აქტივობები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს ქალაქში და დიდი წვლილი შეაქვს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.