“ვიმედოვნებ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა”

0

„იმედს გამოვთქვამ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა“, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტს დაბალი ლეგიტიმაცია ექნება.
„ვნახოთ, სად შევჯერდებით და სად ვერ შევჯერდებით. ამის მიხედვით ვისაუბრებთ ალტერნატიულ პოზიციასა და ალტერნატიულ რეკომენდაციებზე. ჩემი სურვილია და თავად კომისიისთვის და პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი დავთმოთ და მივიდეთ ობიექტურ ჭეშმარიტებამდე – დასკვნა იმის მიხედვით გავაკეთოთ, რაც ხელში გვაქვს და მივიღოთ კომისიის მუშაობის ერთიანი, ჩამოყალიბებული დასკვნა. თუ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვექნება, ამ დოკუმენტს დაბალი ლეგიტიმაცია ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია მუშაობის ბოლო ეტაპზეა. საკუთარ დასკვნას კომისია სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დასაწყისში დადებს.

კომენტარები

კომენტარი