უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, კონსულტაციები გრძელდება

0

პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, დღეს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ის კრიტერიუმები და პროცესი განიხილეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საფუძველი იქნება. მსჯელობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსაც შეეხო. კონსულტაციებს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
“შევხვდით ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესიული წრე და მრავალრიცხოვანი გაერთიანება და ბუნებრივია, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ ადვოკატებს აქვთ დიდი გამოცდილება და წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობას დღეს ახასიათებს. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ ძალიან საინტერესო და ღირებული ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორი ადამიანია საჭირო, რომ იყოს შერჩეული ამ პოზიციაზე და როგორი ადამიანი შეძლებს, რომ იმ არაერთი= გამოწვევას, რომელიც არსებობს დღეს მართლმსაჯულების სისტემაში, მან გაართვას თავი, საკუთარი როლისა და კომპეტენციის გათვალისწინებით.
ჩვენ შევხვდებით ყველა მნიშვნელოვან აქტორს, ვისგანაც შეგვიძლია მივიღოთ რჩევები, თუ როგორ უნდა წარიმართოს შერჩევა და რა მონაცემების ადამიანი უნდა იყოს შერჩეული ამ პოზიციაზე და წარდგენილი პარლამენტისთვის. ჩვენ ღია ვართ, მოვისმინოთ ყველას მოსაზრება. არანაირ დაპირისპირებასა და კინკლაობაში ჩვენ არავისთან შესვლას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩვენ ბოლომდე გვაქვს გააზრებული ამ ამოცანის სწორად და ღირსეულად გადაწყვეტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და განვაგრძობთ შეხვედრებს და კონსულტაციებს, რაც შეიძლება ბევრი ჯგუფისა და ადამიანის მოსაზრების მოსმენას, იქამდე, ვიდრე დაიწყება კანდიდატებზე გადასვლის მეორე ეტაპი”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრები მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება, კვირის ბოლოს კი ფართო კონსულტაციების შესახებ პრეზიდენტის მრჩევლები საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი