ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები გაიმართება
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები გაიმართება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან უკვე გაიმართა და მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ გამართოს კონსულტაციები პრეზიდენტთან.
„ეს კონსულტაციები შედგება. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკევული პესიმიზმი, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა, მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა. ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.