“საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ნარკოლიბერალიზაციისკენ, თუმცა არსებული კანონმდებლობა მაინც მკაცრია”
დღეს, სასტუმრო ROOMS-ში Human Rights Watch-ის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 67-გვერდიან ანგარიშში – „სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ – აღწერილია ზედმეტად მკაცრი ნარკოკანონმდებლობის და პრაქტიკის გავლენა ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებიათ და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეიძინეს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისკენ, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია.
Human Right Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით, მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია, ეს ნიშნავს ამ ქმედებებზე ყველა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გაუქმებას. როგორც Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი გიორგი გოგია აცხადებს, ადამიანების ციხეში გამოკეტვას ნარკოტიკების მოხმარების, ან მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის გამო, უზარმაზარი ზიანი მოაქვს მათთვის და ვერაფრით ეხმარება პირებს, ვისაც მკურნალობის საჭიროება და სურვილი აქვს.
„ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ანგარიში იძლევა, ეს არის, მოხდეს პირადი მოხმარების ან მცირე ოდენობით ფლობის პირადი მოხმარებისთვის დეკრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ამ დანაშაულის სრულად ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან. მიუხედავად იმისა, თუ ეს განმეორებით იქნა ჩადენილი. აუცილებლად უნდა შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირების არსებული პრაქტიკა, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა გოგიამ.
ცნობისათვის, ანგარიშში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებთან, მათ ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.