კაცმა, რომელმაც სიზმრიდან მაჯლაჯუნა გააგდო და ტრადიცია, რომელიც თავისუფალ საქციელს ზღუდავს

ცხოვრობს ზესტაფონში, პროფესიით ექიმია, მაგრამ მისი განათლება მარტო მედიცინით არ შემოიფარგლება. აინტერესებს ყველაფერი: სამყაროს, სიცოცხლის, ადამიანის წარმოშობა და მისი ღმერთთან მიმართება, კარგად იცის მსოფლიოს ლიტერატურა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოეზია, მისტიკა, ხელოვნება ზოგადად, მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, რელიგიები… ამიტომ ყველაფერზე საკუთარი საინტერესო აზრი და ახსნა-განმარტება გააჩნია. დიმიტრი ჯუღელის ფილოსოფიური პერსონა.

– ბატონო დიმიტრი, თქვენს შესახებ რომ გავიგე: ექიმი, მოაზროვნე, მეოჯახე,- დიმიტრი გელოვანი გამახსენდა, რომელიც ცნობილ ქართულ ფილმში ლამის იდეალურ პიროვნებადაა მოხსენებული… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით და როგორც ალტრუისტს, იდეალური ადამიანის არსებობის თუ გწამთ?
– ჩემი აზრით, ზოგადად, იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასეთს ვერ დავასახელებ. ადამიანი შეიძლება იყოს იდეალური მასწავლებელი, ინჟინერი, ექიმი… თუმცა, ზოგადად, იდეალური ადამიანი იყოს? ასეთი, მართლაც, ერთი იყო – დიმიტრი გელოვანი, ანუ ადამიანები მიმართავენ ასეთ გამოთქმებს მათი ადამიანური სისუსტეების ხაზგასასმელად. მაგ: ქრისტე ღმერთი კი არა ვარ – სამჭკუაშვილი ვარ.
– გვერდიდან, ასე ვთქვათ, რენტგენში რომ “გაატაროთ საკუთარი თავი“, რას იტყოდით?10344850_747039751993856_980702068_n
– ჩემს თავზე ვიტყვი, რომ როგორც ადამიანთა უმრავლესობა, არც ძალიან კარგი ვარ და არც ძალიან ცუდი. ადამიანს უმეტეს შემთხვევაში იმის ძალა არა აქვს, რომ თავი მთლიანად „ღმერთს“, ან „ეშმაკს“ მიუძღვნას. როგორც აკაკი იტყოდა: „შუაკაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ, არც ცისა“. იმდენი ვქენი, რომ აკაკის გვერდით აღვმოჩნდი. თუ ვინმე იტყვის, რომ „ნე რიბა ნე მიასო“ ტიპი ყოფილაო, ვეტყვი, რომ ცდება, უფრო „მიასო“ ვარ.
– ფილოსოფოსი ექიმი ხართ, რადგან გაინტერესებთ სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობა. თქვენეული ,,აღმოჩენა” ამ მიმართებაში…
– ჩემეული აღმოჩენაა, მაგალითად, ის, რომ რაც წიგნებში წამიკითხავს,- ჩემთვის სანახევროდაა მართალი. არსად იმის ზუსტი რეცეპტი არ წერია, თუ როგორ უნდა იცხოვრო, რა არის სწორი და რა არასწორი. საერთოდ, ვიღაცის გამოცდილება შეიძლება გამოგადგეს, რა თქმა უნდა, მაგრამ შენს სიტუაციას ის ზუსტად ვერ მოერგება. რაღაც წილი კი და რაღაც წილი – არა. ერთადერთი ზუსტი რეცეპტია ის, რომ: „რეცეპტები ცხოვრებაში არ არსებობს“.
ეს აღმოჩენა იმას გასწავლის, რომ სხვა შეიძლება ელვად გამოგადგეს, რომ შენი გასავლელი ბნელი ბილიკი გაგინათოს და ცხოვრებაში შენი გასავლელი გზა დაგანახვოს და არა ისე, რომ ეცადო, ცხოვრება მისეული ნაბიჯებით განვლო, ზუსტად ისე მოიქცე, როგორც ის მოიქცა. ასევე აღმოჩენაა ის, რომ ე.წ. საზოგადო აზრი ხშირად მცდარია და ა.შ. ახალს არაფერს ვამბობ. ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემამდეა აღმოჩენილი მაგ: „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა“, მაგრამ მე ჩემთვის (მათი დახმარებით) აღმოვაჩინე. ამიტომ მე ამ აზრების ავტორთა თანაავტორი ვარ და ეს ჩემი აღმოჩენაცაა.
– ბავშვობა – სტუდენტობა,- პროფესიული სფეროში საქმიანობა: ცხოვრების ამ სხვადასხვა ეტაპზე როგორ იცვლებოდა თქვენი დამოკიდებულება: ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი, ფასეულობებისადმი?
-არ ვიცი, იქნებ ახლაც იმ ეტაპზე ვარ, რომ ისინი კიდევ შეიცვალოს: გარე სამყაროსთან, შინაგანი განწყობების და ადამიანის შინაგანი არსის პროექციაა და ის გარესამყაროს ისეთს ხედავს, როგორიც თვითონ არის შიგნით. მით უმეტეს, ადამიანში უცვლელი არაფერია. ადამიანი მდინარეა. თითქოს სულ ერთი და იგივეა, მაინც სულ სხვადასხვაა. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ასეა ადამიანიც,- მობრუნდები და უცებ „გამოცვლილი“ დაგხვდება. დრო, შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები მუდმივად ცვლიან მასში რაღაცას. შეიძლება არა ძირითადს, მაგრამ წვრილმანებს მაინც. ხშირია ისეთი მომენტი, როცა ასეთი წვრილმანები საკმაოდ ბევრია. ჩემს შემთხვევაში მოკლე პასუხი ასეთია: იცვლებოდა და იცვლება მიამიტურობისგან რეალურისკენ.
– ვიცი, რომ ნიცშეს ,,ასე იტყოდა ზარატუსტრა” თქვენი საყვარელი ნაწარმოებია: რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაქსიმე?
– ნიცშე წყალდიდობას ჰგავდა. მისი აზრების სიუხვე და სიდიდე ადგილს არ უტოვებდა სხვა ლიტერატურულ გადმოცემის მანერას. ამიტომაცაა, რომ ზარატუსტრა დეპეშური სტილით, მაქსიმებითაა დაწერილი. სკოლაში რომ საზეპიროებს გვაძლევდნენ ხოლმე, ასევე ზარატუსტრას 80% საზეპიროა. მისი სხვა სიტყვებით გადმოცემა აკნინებს ტექსტში ჩადებულ უზარმაზარი ენერგიის მუხტს, რაც ასე ოსტატურად აქვს გადმოტანილი თარგმანში ე. ტატიშვილს. ნიცშე თვითონ ამბობს: „რომელი სისხლითა და იგავებითა სწერდეს, არა ისურვოს, რათა მას ჰკითხულობდნენ, არამედ იზეპირებდნენ“. არასოდეს მისწავლია, მაგრამ მართლა ბევრი რამ ზეპირად დამამახსოვრდა. ახლა ნიცშეს შემდეგი გამონათქვამები მახსენდება: ზოგი მათგანი ზარატუსტრადან არ არის მოყვანილი: „ადამიანი ბინძური მდინარეა, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, ბინძური მდინარე შეირთო და არ წაიბილწო“; ან კიდევ: „სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი – აი, კაცთა მოდგმის ისტორია.“ ან კიდევ: „სად სიყვარული აღარ შეიძლება, იქ უნდა გვერდზე ჩავიაროთ“…
– ფილოსოფიური კითხვები, რომლებზეც პასუხები გაქვთ…
– მხოლოდ ერთ კითხვას ავიღებ. ეს ჩემეული დასკვნაა და თუ უზუსტობად ჩამითვლის ვინმე,- მომიტევოს. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ასე წარმომიდგენია. კითხვაზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. მაპატიეთ, შედარება.
ვთქვათ, მე მინდა, „შევქმნა“ მოხარშული კვერცხი. ბუნებრივია, ამისთვის ვიღებ კვერცხს (უკვე შექმნილს), ვწვავ შეშას, ვადუღებ წყალს ჭურჭელში, რომელშიც კვერცხს ვათავსებ. ცეცხლიდან ენერგია გადაეცემა ჭურჭელს, რომელშიც წყალი ასხია, შემდეგ წყალს და შემდეგ კვერცხს, სადაც მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით, გარკვეულ დროში კვერცხი იხარშება.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე უმი კვერცხისგან „შევქმენი“ მოხარშული კვერცხი. უფრო სწორი იქნება გვეთქვა, რომ ის შეშის დაწვით მიღებულმა ენერგიამ „შექმნა“. იგი წარმოიქმნა შეშის განადგურების შედეგად, შეშა კი დაიწვა, გაქრა. მატერია გადაიქცა ენერგიად, გადაეცა ჭურჭელს, რომელშიც წყალი ესხა, შემდეგ – წყალს, და ბოლოს, უმი კვერცხისგან მივიღეთ მოხარშული კვერცხი. მოხდა მატერიის ტრანსფორმაცია ენერგიად, რომელმაც, თავის მხრივ, შეცვალა მატერია. უმი – მოხარშა. ასე რომ, ამ „ქმნადობის“ ენერგეტიკული ბიუჯეტი მათემატიკურად შეიძლება გაიზომოს და შესაბამის ერთეულებში გამოისახოს. ღმერთმა შექმნა – სამყარო. ეს წინადადება შეიძლება ასე გამარტივდეს. ღმერთის ენერგიამ შექმნა სამყარო, ანუ სამყაროს შექმნაზე დაიხარჯა კოლოსალური ენერგია. დაიხარჯა იმას ნიშნავს, რომ თვითონ ენერგია გაქრა და ფიზიკურ, მატერიალურ პლანში გადავიდა, ანუ ენერგია მატერიად გამოკრისტალდა. არსებობს უკუპროცესიც (შეშის მაგალითი), ან კიდევ: მზეზე ჯაჭვური ატომბირთვული რეაქციების წყალობით გამოსხივდება უზარმაზარი ენერგია. ესე იგი, პირიქით: მატერია იხარჯება და მიიღება ენერგია. ამიტომ ყოველ წამში მზე 8 ტონით იკლებს მასაში. ბოლოს ჩაქრება, ისევე როგორც შეშა დაიწვა. მზე უდიდესი, მაგრამ ენერგიის სასრული ბიუჯეტია. ასე რომ, ეს პროცესები ურთიერთშექცევადია და ერთმანეთს აწონასწორებს, ანუ იმდენი მატერიაა, რამდენი ენერგიაც დახარჯულია და იმდენი ენერგიაა,- რამდენი მატერიაცაა დახარჯული. ენერგია გადადის მატერიაში და პირიქით. ანუ ყოველი მატერიალური საგნის არსში დევს ენერგია, რომელიც ამ საგნის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლის ტოლია. შეიძლება იმ ასტრონომიულ ზღვრებს იქით არსებული რიცხვის დაახლოებითი გამოთვლა, რასაც სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტი ჰქვია და ეს ბიუჯეტი ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ სასრული სიდიდეა.
საქმე ისაა, რომ ღმერთი ამ შექმნის პროცესში დაიხარჯა და თავად განსხეულდა თავისივე ქმნილებად, ანუ შექმნა სამყარო და ახლა ვუყურებთ მას სამყაროს სახით. ღმერთი (ეროსი) თესლის ენერგიაა, საიდანაც ხე იბადება. თესლი კი იხარჯება, ხედ იქცევა. რეგრესული ძალა (თანათოსი) კი ყველაფერ შექმნილს პირველსაწყისს დაუბრუნებს ხელახლა შესაქმნელ მასალად. ანუ სასწორის ერთ პინაზე ენერგიაა,- ხოლო მეორეზე – მატერია. სასწორი მუდმივად ისწრაფის წონასწორობისკენ. დროებით მეტი იქნება შექმნილი.
– რა მოკვდება, თუ არ დაიბადება და რა განადგურდება, თუ არ შეიქმნება?10364524_747039995327165_388917909_n
– ზუსტად იმდენი მოკვდება და განადგურდება, რამდენიც დაიბადება და შეიქმნება. ჯერ უნდა დაიბადოს, შეიქმნას, რომ მერე მოკვდეს და განადგურდეს. ამიტომ იმარჯვებს სიცოცხლე სიკვდილზე. ერთი ნაბიჯით უსწრებს, ერთი სვლით წინ არის. ამიტომ სამყარო არსებობს მანამ, სანამ თავისი არსებობის ამ ფორმას არ დაასრულებს. დიდი აფეთქების თეორიაც არ ეწინააღმდეგება ამ აზრს. აფეთქების ენერგიამ საწყისი სინგულარობიდან გამოისროლა მთელი სამყარო, „ქმნადობა“ და „შექმნილის განადგურება“ პარალელური პროცესებია და დღესაც გრძელდება. დროში რაღაცის დაბადება დროში მის განადგურებასაც ნიშნავს. იყო დრო, როცა სამყარო არ იყო (ასეთი სახით, როგორც ის დღეს არის) არის დრო, რომ არის (ასეთი სახით, როგორც ის დღეს არის), მოვა დრო, რომ აღარ იქნება (ასეთი სახით, როგორც ის დღეს არის).
ადამიანიც ქმნის: აშენებს, აქანდაკებს, მშობიარობს, მაგრამ მქმნელი ქმნადობის პროცესში არ იხარჯება ისე, როგორც ღმერთის შემთხვევაში. მოქანდაკე თავის ქმნილებას თავის „სულს“ აძლევს, მაგრამ თვითონ არ იღუპება ამ პროცესში. სახეზეა მოქანდაკე და მისი შექმნილი ქანდაკება. დედა ფიზიკურ სხეულს აძლევს პირმშოს, მაგრამ დედად რჩება.
– სიზმარი ქვეცნობიერში ცხოვრების გარკვეული ფორმაა და მოაზროვნე ადამიანს სიზმრებიც ფილოსოფიური და უჩვეულო გექნებათ, ამასთან ალბათ თვითდარწმუნების ფსიქოლოგიურ მეთოდსაც ფლობთ: ჩემს ვარაუდს ხომ არ დაადასტურებდით?
– სიზმრის „რეჟისორები და სცენარის ავტორები“, უმეტესწილად, ჩვენვე ვართ. სტუდენტობის შემდეგ ეტყობა, ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა და ერთი კოშმარი ამეკვიატა. ყოველ ღამით მესიზმრებოდა რაღაც „მაჯლაჯუნა,“ რომელიც ტყეში მომდევდა, მეწეოდა, მიჭერდა და მახრჩობდა. გულგახეთქილი ვიღვიძებდი. ასე გრძელდებოდა ყოველ ღამე. გადავწყვიტე, რომ შევბრძოლებოდი ამ კოშმარს და დავიწყე ძილის წინ თვითშთაგონება, რომ ტყეში კი არ ვარ,- საკუთარ საწოლში ვარ და არავითარი „მაჯლაჯუნა“ აქ ვერ შემოაღწევს. ყოველი დაწოლის წინ ვიმეორებდი და საკუთარ თავს ამას შთავაგონებდი. ვცდილოდი, რომ სიზმარში სიცხადე შემეტანა და მივმხდარიყავი (სიზმარში გამხსენებოდა), რომ ტყეში კი არ ვარ, არამედ სახლში, საწოლში ვარ უსაფრთხოდ.
რამდენიმე დღე არაფერი გამომდიოდა, კოშმარი მაინც დაბარებულივით შუაღამით მაღვიძებდა. მე კი ჯიუტად განვაგრძობდი ძილის წინ თვითდარწმუნებას, რომ დილამდე ნანახი არაფერი დამეჯერებინა და რეალობად არ მიმეღო.
ერთხელაც მესიზმრა ზუსტად იგივე „მაჯლაჯუნა“ რომელიც ტყეში კი არა, არამედ ჩემს საკუთარ საწოლში იჯდა და მგუდავდა. ისევ გულგახეთქილს გამომეღვიძა, მაგრამ მაშინვე გამეცინა, მივხვდი, რომ ეს სიზმარი ჩემი ტვინის ბოლო ოინი იყო, რომელიც მან ჩემი თვითშთაგონების წინააღმდეგ გამოიყენა. ტყე – ჩემივე საწოლით შემიცვალა, რომ სიზმარი რეალურს დამსგავსებოდა. ამ ოინსაც რომ მივუხვდი, თავი დამანება და ასეთი რამ მეტად აღარ დამსიზმრებია.
– ძალიან გიყვართ კითხვა, რომელია, წიგნი, რომლის გადაკითხვაც არცერთ ასაკში არ მოგბეზრდებათ ?
– გააჩნია განწყობას: მარკ ტვენსა და ნიცშეს ერთ განწყობაზე ვერ წაიკითხავ. მოდი, მე ვიტყვი იმ ავტორებს, ვინც ჩემს ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინა: რუსთაველი, გალაკტიონი, ვაჟა, რობაქიძე, დუმბაძე, დოსტოევსკი, კაფკა, ნიცშე, სარტრი, აბე, კამიუ, ბასიო, აკუტაგავა, გურჯიევი, ფროიდი, იუნგი, ფრომი, რაჯნიში, ბუბერი, ანდრეევი, შტაინერი, ბახი, ჰემინგუეი, რამაკრიშნა, მამარდაშვილი, ჰესე, ფოლკნერი, სელინჯერი…
კითხვაზე გამახსენდა: ესპანეთში მე შევსწრებივარ როგორ კითხულობს ქუჩებში მთელი ერი სერვანტესს. იწყებს ერთი, აგრძელებს მეორე, რიგში დგას დანარჩენი 10-15 ადამიანი. ვიღაც ამთავრებს კითხვას, ვიღაც რიგში დგება. ვისურვებდი, რომ ასე იკითხებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ ქართველების მიერ… ერთ დღეს მაინც. ამით ვიამაყოთ! ერთმანეთს გავაცნოთ, ბავშვები დავაინტერესოთ, მსოფლიოს შევახსენოთ. ამის ორგანიზება ძნელი არ არის.
– ტრადიცია, რომელზეც ქართველებმა უარი უნდა ვთქვათ და როგორია თქვენი დამოკიდებულება საერთოდ ტრადიციისადმი?10362479_747040768660421_1837664289_n
– რაც შეეხება, ტრადიციას,- ეს ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფენომენი არ არის. არის კარგი და ცუდი ტრადიციები. ცუდი ტრადიცია იყო გავრცელებული ხევსურეთში, მაგალითად, მშობიარე ქალი „უწმინდურად“ ითვლებოდა. ბოსელში მარტოს უნდა ემშობიარებინა, თავისივე კბილებით გაეწყვიტა ჭიპლარი და შემოსულიყო ჩვილით სახლში, ამის გამო დიდი სიკვდილიანობა იყო. მიშველებაც კი არ შეიძლებოდა (ასე გვასწავლეს მედიცინის ისტორიაში). ასევე მოკლული მტრისთვის მარჯვენის მოჭრა, ასევე სვანეთში უახლოეს წარსულამდე შემორჩენილი სისხლის აღების ტრადიცია. ეს ტრადიციები დაიგმო ხალხის მიერ. თავიანთი გადმოსახედიდან არქაულ საქციელად მოიაზრა თაობებმა და აღარ გამყარდა, აღარ გადაეცა მომავალ თაობებს. აღარ მოუწოდა მამამ შვილს ასეთი ქცევისკენ. თუმცა ამას ასეული წლები დასჭირდა. ტრადიცია (ცუდი გაგებით) გეუბნება: „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ“, ანუ თავისუფალ საქციელს გიზღუდავს კონკრეტულ შემთხვევაში და გეუბნება: შენი მამაა-პაპა ასე მოიქცა და შენც ასე უნდა მოიქცეო.
გიორგი პირველი მეფე იყო, მაგრამ ტრადიციები მას არჩევანს უზღუდავდა: „მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გმართებს, მეფე ხარ და გევალება“ და ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგ უწევდა მოქმედება, ანგარიშს უწევდა ტრადიციად დამკვიდრებულ საზოგადო აზრს. ამერიკას კი სულ 200 წლის ისტორია აქვს. ამერიკელს ჯერ კიდევ ვერ ეუბნებიან, ბაბუაშენის მამა ასე არ იქცეოდა, როგორც შენ იქცევიო. ალბათ ამანაც განაპირობა ამერიკელების, როგორც ერის შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხი. ასე რომ, რაც კარგია,- თაობიდან თაობას გადაეცემა და რაც დრომოჭმული უაზრობაა,- ნელ-ნელა ისტორიას ბარდება. იმედი მაქვს, თუ ასეთი ტრადიცია ჩვენში ჯერაც შემორჩენილია, მას დრო წაიღებს.
– სიტყვამ მოიტანა და თქვენ ძალიან საინტერესო მოსაზრება გაქვთ ვაჟას ალუდა ქეთელაურთან დაკავშირებით, იმის თაობზე, რომ ამ გმირმა დროს გაუსწრო…
– ალუდასა და მუცალის ურთიერთობამ, რომელიც ურთიერთრჯულის გინებასა და ტყვიების სროლაში გამოიხატა,-ალუდაში სხვა კაცი დაბადა. აი, ის ახალი ალუდა საკუთარ თავს აღემატებოდა, 5 წუთის წინ რომ წარმოადგენდა, რომელიც, თავის მხრივ, თავისი კუთხის საუკეთესო შვილი გახლდათ. ამიტომ ალუდა მიხვდა იმას, რასაც მისი თვისტომები საუკუნის მერე ძლივს მიხვდებიან. ამ სულიერმა ზრდამ დაახლოებით ისეთივე პრობლემა გაუჩინა, როგორც ჯორდანო ბრუნოს თავისივე ნიჭმა, თავი დაეღწია მაშინდელი საზოგადო აზრისთვის და სხვაგვარად ეფიქრა.
კათოლიკურმა ეკლესიამ რამდენიმე წლის წინ ოფიციალური ბოდიში მოუხადა ჯორდანოს. აზროვნებით დროში ჩამორჩენილი ადამიანების ბედი სოციუმისგან გულგრილობას იწვევს. ხოლო დროში წინწასული გონება ცხოველ ინტერესს, მით უმეტეს, თუ იგი იმ დროისთვის მისაღებ სოციალური ქცევის ნორმებს ეწინააღმდეგება.
– როგორია თქვენი პორტრეტი ოჯახურ ინტერიერში?
– მყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი. სავსე ვარ მათი სიყვარულით. უზომოდ მიყვარს და ვუყვარვარ მათაც. თავისუფალ დროს ხშირად სახლში ვარ. მიყვარს ბავშვებთან თამაში და მათი ფერება. უფროსი ახლა შედის სკოლაში, პატარა 6 თვისაა. თბილი და მეგობრული სიტუაციაა. ხშირად გვყავს სტუმრები – ჩვენივე მეგობრები თავიანთი ბავშვებით.
– თქვენ მიერ იუმორით აღქმული დღევანდელობა?
– იუმორი ადამიანის ნიჭია, რომლითაც სიმონიკა სხირტლაძის სიტყვებით რომ ვთქვათ: იგი „სიკვდილს იგერიებს“ და ცხოვრებას იხანგრძლივებს. მიყვარს ხუმრობა და ყველა, ვისაც იუმორის გაგების ნიჭი აქვს. ცხოველებში არ მგონია, ასეთი რამე აღწერილი იყოს. ისევე როგორც ცხოველმა არ იცის შვილიშვილის ცნება. თანავუგრძობ ადამიანს, რომელსაც ხუმრობა არ ესმის. რა თქმა უნდა, სულ იუმორის განწყობაზე ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია.
– დაასრულეთ აზრი: თავს კარგად გრძნობთ, როცა…
– როცა რამე, ან ვინმე მიყვარს, როცა რამეს ვაკეთებ, როცა არაფერს ვაკეთებ, როცა ვურთიერთობ ადამიანთან, რომელიც რაიმეს მასწავლის, როცა რაიმეს შევიმეცნებ, როცა მუსიკას ვუსმენ, როცა საინტერესო წიგნს ვკითხულობ, როცა ვჭამ, როცა ვმოგზაურობ, როცა ბავშვებს ზღაპარს ვუკითხავ, როცა უბრალოდ ვარსებობ!..

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები