გია ჭანტურიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სამართალდამცველებმა გ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-ს ფინანსური და სხვა პირადი უთანხმოება გააჩნდა ქ. რუსთავში არსებულ ბაზრობის (შპს ,,ერთობა“) ერთ-ერთ მფლობელ – სამსონ ქუთათელაძესთან. აღნიშნული მიზეზით იგი 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16:00-17:00 საათებში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა, სადაც სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, შეჰყვა მას სამუშაო ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამსონ ქუთათელაძე გ.ჭ.-ს მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები