„…თითები თავისით ქარგავს“… – მაგნოლიის ფონზე ამოქარგული ქუთაისის ხედი

უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, რასაც მშობლებს უმადლის. სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები და მათემატიკა მოსწონდა. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი დაამთავრ, ფიზიკამათემატიკოსის პროფესიით. ხელსაქმეს, ქარგვას, ქსოვას ბავშვობიდან დაეუფლა, მოგვიანებით ქარგვამ ისევ შეახსენა თავი და მრავალი საინტერესო ნამუშევარი შექმნა.
უნდოდა ნაქარგით გამოესახა ჩვენი ისტორია და „ვეფხისტყაოსნის“ გმირებით დაიწყო… რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ფარნავაზ მეფე, დავით აღმაშენებელი… ბუნება, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები… ქუთაისის ულამაზესი ხედები… –  მარინა აბულაძის პერსონა.

 ოჯახში ვიზრდებოდით  ორი და და ერთი ძმა, მადლობა ჩვენს მშობლებს, რომ ბავშვობის წლები უზრუნველი და ბედნიერების წლები იყო,  იმის მიუხედავად, რომ მათ ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ყოველი მომენტი დასამახსოვრებელი იყო. კონკრეტულს ვერაფერს გამოვყოფდი.
  სკოლა…
– სკოლა – ალბათ, დამეთანხმებით, განსხვავებული შეგრძნებაა, მეგობრები, მასწავლებლები, ვცდილობდი, კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი, მიყვარდა სწავლა, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო საგნები.
ფიზიკამათემატიკა გიყვარდათ, თუმცა ხელსაქმეც ბავშვობიდან გიტაცებდათ. რატომ არ განაგრძეთ სამხატვრო სასწავლებელში სწავლა?
– მართალია, სწავლის პერიოდში მუდამ ვცდილობდი, ხელსაქმით დავკავებულიყავი, ვხატავდი, ვქსოვდი, ვკერავდი, მაგრამ ძალიან მიყვარდა მათემატიკური საგნები და როდესაც არჩევანის დრო მოვიდა, პედაგოგიურ ფაკულტეტზე შევაჩერე არჩევანი, იყო გარგვეული მიზეზები, რამაც იმოქმედა ჩემს არჩევანზე.
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი დაამთავრეთ, ფიზიკამათემატიკოსის პროფესიით. სტუდენტობის პერიოდი გაიხსენეთ
სტუდენტობა? – სკოლის შემდეგ, უფრო თავისუფლება, უფრო სხვა შეგრძნება, ჩემი სპეციალობა ისეთიარ, საკუთარ თავზე უნდა მემუშავა, ამაზე დიდი დრო მეხარჯებოდა, ჩვენს დროს კომპიუტერი არ იყო და წიგნებთან გვიწევდა მუშაობა, რაც ბევრად მეტ დროს მოითხოვს, შემძინა გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის, ახალი პიროვნებები გავიცანი, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა.
როდის მიხვდით, რომ ხატვას უნდა მიბრუნებოდით სეიოზულად? პირველი ნახატები
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პირადი პრობლემების გამო დავრჩი გადაწილების გარეშე, შემდეგ სამუშაობს ძებნა ხან ერთ, ხან მეორე სკოლაში დროებითზე, მუდმივი ადგილი პრობლემური იყო, ჩემს თავზე მუშაობით პროფესია შევიცვალე და ერთ-ერთ ქარხანაში უფროს ეკონომისტად ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი პროფესია არ დამვიწყებია და კერძო პრაქტიკით დღესაც ვაგრძელებ მუშაობას ბავშვებთან.
ისეთი წლები დადგა, სამსახურიც აღარ გვქონდა და ისევ ჩემმა პროფესიამ მიშველა, ამ პერიოდში სერიოზულად ვიყავი გატაცებული ყაიასნაღითა და ჩხირებით ქსოვით. ამას დაერთო უძრაობის პერიოდი – უსინათლობა, უგაზობა, დეპრესია და მაშინ გადავწყვიტე, ისეთი საქმე მეკეთებინა, როგორიც იყო ქარგვა, რომელიც გონებაში შემთხვევით ამოტივტივდა, მხატვარი არასოდეს ვყოფილვარ და არც მქონია ამბიცია, მაგრამ ხედვის ნიჭი ამ მიმართულებით ნაქარგებში ძალიან მადგება.
შესანიშნავად ქარგავთრომელ ნაქარგებს გამოყოფდით
– ოჯახში ბავშვები გაჩნდნენ და მათ მივუძღვენი ჩემი პირველი ნაქარგი „მხიარულება ტყეში“, ამას მოყვა ალიონუშკა, შემდეგ ხატებზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ კურთხევა არ მქონდა, არც მითხოვია და ზედმეტად საპასუხისმგებლოდ ჩავთვალე, ამიტომ შევეშვი, ერთი ხატი კი ეკლესიას შევწირე. შემდეგ გამიტაცა პორტრეტების ქარგვამ, რომელიც ყველაზე რთულია, თითოეულ სახეში უნდა დამენახა რაიმე ისეთი, რის გამოც შევძენდი მის დაქარგვას. პორტრეტი „ჩემი მშვენიერი ლედი“ ჩემი ფანტაზიით დავქარგე, მისი შექმნის ისტორია ასეთი იყო: მინდოდა მხატვარ საველი სოლინის ნახატის მიხედვით ელისო დადიანის სურათი შემექმნა. მაგრამ ქარგვისას სახემ სხვა იერსახე მიიღო და ამიტომ გადავაკეთე და ჩემს ფანტაზიას მივყევი, რამდენად გაამართლა, თავად უნდა შეაფასოთ.
ყოველთვის მინდოდა ნაქარგით გამომეხატა ჩვენი ისტორია, რუსთაველი და მისი პერსონაჟები ძალიან მიყვარს.  ასე რომ, მუშაობა „ვეფხისტყაოსანის“ გმირებზე დავიწყე. ამ სერიაში 6 ნამუშევარი მაქვს, რასაც 4 წელი მოვანდომე. ერთ-ერთ მათგანის, „ავთანდილისა და თინათინის“ ფერადი სურათი ვერ მოვიძიე და ფერები თავად შევარჩიე. მას მოჰყვა შემდეგ სხვა ნაქარგები ისტორიიდან. თითოეულ მათგანში ვცდილობდი რაიმე საკუთარი დეტალი ჩამერთო. ძირითადად, ჩემი ნაქარგები ცნობილი მხატვრების ნიმუშების მიხედვით იქმნებოდა, მაგრამ ჩემს ნაქარგებში არის ისეთებიც, რომლებიც ჩემს გონებაში შექმნილი ნახატითაა დაქარგული (ხელი თვითონ ქარგავს).
„ტყეში ტაძარი“ შემოქმედებითი ნაქარგია… ძალიან გამიტაცა მასზე მუშაობამ. უბრალოდ გონებაში იყო ნახატი და ვქარგავდი. რომელი ტაძარია, ეგეც კი არ ვიცი…
 მხატვრული ქარგვა განსხვავებული სტილით, თქვენს ფეისბუქზე ასეთი წარწერებიც შემხვდა. რატომ არის განსხვავებული ეს ნამუშევრები?
– მხატვრული ქარგვა – ეს ნიშნავს, რომ იგი იქმნება, როგორც ნახატი, რელიეფური სტილით. ამიტომ ეს ნაქარგები ჩემთვის განსხვავებული ნამუშევრებია. ასე ვთქვათ, იგი უტოლდება ხატვას არა ფუნჯის, არამედ ნემსი-ძაფის საშუალებით. ამიტომ ბევრს ჰგონია ნახატი.
 წყლით ქარგვის დროს რა ტექნიკას იყენებთ?
– წყლით ქარგვა, იგივე  „გლად“ (რუსულად) ესაა ნაქარგი ძაფებს შორის ჩამჯდარი სწორად. არ ვიცი, როგორი ახსნა მოვუძებნო.  ჩემთვის ქარგვა არავის უსწავლებია.
ჭედურობა ალუმინისებურ ფირფიტაზეროგორ აკეთებთ ამ ნამუშევრებს?
– ჭედურობა ალუმინის ფირფიტაზე ეს გატაცება იყო, შემთხვევით ვიპოვე ალუმინის ფირფიტა და დიდი ფიქრის შემდეგ ფირფიტაზე უკნიდან ვხატავდი. წინა ხედიდან ამობურცული ნახატი გამოდიოდა, ჩემი შექმნილი ხელსაწყოებით ვმუშაობდი, შემდეგ მასალა ვეღარ ვიშოვე და გავჩერდი…
ქუთაისი  მშობლიური ქალაქია, არაჩვეულებრივი ნაქარგი მიუძღვენით
– ქუთაისი სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ბევრი გაჭირვება ვნახე, მაგრამ ფიქრი სხვაგან წასვლის არასდროს მქონია, პირველი ნაქარგი – ქუთაისის ძველი სახლი წითელ ხიდთან იყო, რომელიც ახლა დაანგრიეს. იგი ჩემი საყვარელი მამიდაშვილის, მხატვარ ალბერტ ჩაფიძის ნამუშევრებში ვნახე, დავპირდი, დავქარგავ-მეთქი და გამომივიდა.
ბოლო ნამუშევარი კი, რომელმაც ასეთი ინტერესი გამოიწვია, მაგნოლიის ფონზე ქუთაისის ხედი მობილურით ატვირთულ ფოტოებში ვნახე, ცოტა გამიჭირდა თავდაპირველად ნახატად გადატანა, მაგრამ ვეცადე და როგორ გამომივიდა, ხალხი აფასებს. მუდამ დაუმორჩილებელი რიონის ფერებში გამოხატვა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, მგონი, ურიგო არ არის.
რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით ქუთაისში?
– რას შევცვლიდი და… რომ იცოდე, თამარ, 2008 წლიდან ეზოს არ გავცილებივარ ზოგიერთი გარემოების გამო, ამ სახლში არის ჩემი სამყარო… ქუთაისს ბევრი რამ სტკივა. არ არის ახალგაზრდების დაინტერესება, თითქოს ჩამკვდარია, ყველა გარბის, ჩვენი ქუჩა დაცარიელებულია ახალგაზრდებისა და ოჯახის ქალებისაგან, რატომ არ აქცევს ყურადღებას ამას ჩვენი მთავრობა, არ ვიცი, ეს მტკივა… მტკივა, რომ ახალგაზრდა გოგოებმა იტალიაში შექმნეს ოჯახები, უკან დაბრუნებას კი არავინ აპირებს, არ აფასებენ პიროვნებებს. მაგრამ მე სოციალურ სივრცეში დაწერილი თითოეული თბილი კომენტარით ვცხოვრობ და ესაა ჩემი ძალისა და ენერგიის მასტიმულირებელი საშუალება.
საინტერესო ნაქარგებია: ვაჟაფშაველა, ფარნავაზ მეფე, „ვეფხისტყაოსნისპერსონაჟები
– ვაჟა- ფშაველას პორტრეტი… მე არ ვიცნობდი ამ მხატვარს, ზვიად მაღრაძეს, შემთხვევით ვიპოვე ინტერნეტში და ძალიან მომეწონა მისი ეს ნამუშევარი, რომელიც ჩემს სულიერ სამყაროსთან ახლოს იყო და  როგორ შეიძლებოდა მე ეს არ დამექარგა…
როცა ნამუშევარის შერჩევასა და შემდგომ უკვე მასზე მუშაობას იწყებ, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რომ არ გამოგივიდეს, გული გწყდება და შეურაცხყოფას აყენებ თავად მხატვარსაც. ამიტომ დიდი მოთმინებისა და ფიქრის შემდეგ დავქარგე ეს ნამუშევარი. ხანდახან თითები თვითონ მიჰყვება ქარგვას… ეს ისეთი  შეგრძნებაა, ვერ გადმოგცემთ. ნაქარგს რომ დავამთავრებ, ვუყურებ, ვფიქრობ და მიკვირს, ნუთუ, მე დავქარგე-მეთქი? – ასე შეიქმნა ვაჟა და მრავალი სხვა ნამუშევრები.
ახლა ცოტა ხნით შესვენება მაქვს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ფიქრის პროცესში ვარ, რა იქნება შემდეგი.
ოჯახი...
– ოჯახი პირადად არ შემიქმნია, მაგრამ ჩემი ოჯახია ჩემი ძმიშვილები და დისშვილები. ჩემი ძმა კი ჩემი დიდი ტკივილია, რომელსაც არაფერი შველის.
  სამომავლო გეგმები
– სექტემბერი, სკოლის ბავშვები, ჩემი ხელსაქმე. ესაა ჩემი გეგმები, როგორც ყოველთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები