ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც 11 თვის ბიჭუნა გადაარჩინა – “პატარას მამამ რამდენჯერმე გულში ჩამიკრა და გადამეხვია”

მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 5 წელია მუშაობს.
24 წლის ალექსანდრე შუკვანი ორის კვირის წინ დაოჯახდა და მისი რჩეული მარიამ შულაიაა. მარიამიც 24 წლისაა და ერთ-ერთ გამომცემლობაში პროგრამის ოპერატორია. ისინი ოჯახით თბილისში, გლდანში ცხოვრობენ. დღის გმირი „კვირას“ იმ ემოციებზე ესაუბრება, რომელიც ბავშვის გადარჩენის შემდეგ, თავად განიცადა.

„პატარას მამამ რამდენჯერმე გულში ჩამიკრა, გადამეხვია. როდესაც მამის ყვირილი გავიგე, რომ ზევით მე-6 სართულზე, ბავშვი არისო, ძალა მოვიკრიბე და მე-6 სართულზე ავირბინე. ოთახში რომ შევედი, დედას პატარა მკერდზე ჰყავდა მიკრული და ტიროდა. საშინელი დაკვამლიანება იყო. დედა ახალგაზრდა ქალი იყო. პატარა ბიჭი გამოვართვი, დედა ფანჯარასთან მივიყვანე და ვთხოვე, სუფთა ჰაერი ესუნთქა. დავპირდი, ბავშვს ჩავიყვან და ისევ ამოვალ-მეთქი. ბავშვს აირწინაღი გავუკეთე და კიბეებზე ჩავირბინე, ისეთი კვამლი იყო, ადგილობრივი ახალგაზრდა ბიჭები კიბეებზე ასვლას ვერ ბედავდნენ.

ბავშვი რომ ჩავიყვანე, მამა გადამეხვია. ისევ კიბეებზე ავირბინე, დედაც ჩამოვიყვანე. ამის გარდა, მეხანძრეებმა კიდევ ერთი ბავშვი ჩამოიყვანეს. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რაც პატარა ბიჭის მამამ გამოხატა. გულში მიკრავდა, აღარ იცოდა, მადლიერება როგორ გამოეხატა. მეც ემოციებში ვიყავი.

ეს არის ჩემი პროფესია, ჩვენი უმთავრესი მიზანი ადამიანის გადარჩეენა და მით უფრო, ბავშვის. მიყვარს ჩემი პროფესია და ერთგულად ვემსახურები მას“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას, დღის გმირი – ალექსანდრე შუკვანი.

ალექსანდრე შუკვანმა თბილისში 115 -ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა. პირველ კურსზე იყო, როდესაც სწავლის პარალელურად, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობა დაიწყო. უნივერსიტეტი შარშან დაამთავრა, დღეს კი მეხანძრის პროფესიით, დღის გმირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად, საოჯახო ნივთები და სახლის 30 კვ.მ ფართობი დაიწვა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ერთ-ერთი სახლიდან მათ მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები