პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განვლილი ოთხი თვე შეაჯამა.
მისი თქმით, პროექტში ჩაერთო 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია. საჯარო შეხვედრებს დაესწრო 2100 სტუდენტი, პროექტის ნომინაციებში მონაწილეობა მიიღო 322 სტუდენტმა, ხოლო დაჯილდოვდა 90 ახალგაზრდა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში.
თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ იმდენად დიდი იყო მონაწილეთა ჩართულობა და თხოვნა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო, მიიღეს გადაწყვეტილება, ახალგაზრდებს მისცენ საშუალება დაასრულონ ნამუშევრები. ასევე, მეორე ეტაპზე გაიმართება დიდი შეხვედრები ახალგაზრდულ რეგიონალურ ცენტრებში და დიასპორულ ორგანიზაციებში. ხოლო საბოლოო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრსობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა და სტუდენტები.
პროექტი ხორციელდებოდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.