უკრაინამ ყირიმის დაკარგვა ტრილიონ გრივნად შეაფასა

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ყირიმის შემადგენლობიდან გასვლა ერთ ტრილიონ გრივნად (84, 6 მილიარდი დოლარი) შეაფასა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა პაველ პეტრენკომ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ყოველდღიურად ზარალდება იმის გამო, შავი ზღვის სანაპიროთი სარგებლობის საშუალება აღარ აქვს.
,,ფაქტობრივად რუსეთი იპარავს გაზს, რომელიც უკრაინას ეკუთვნის. საკითხი ასევე ეხება საზღვაო პორტებს და ინფრასტრუქტურას, რომელიც ამ ტერიტორიაზე დარჩა“,- აღნიშნა მინისტრმა აპრილის ბოლოს.
პეტრენკომ ყირიმის დაკარგვით მიღებული ზარალი 950 მილიარდ დოლარად შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ,,ტერიტორიის არაკანონიერი მიტაცებით, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით არის გამოწვეული“.
უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყირიმის მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა, ეღიარებინა ახალი ხელისუფლება. სევასტოპოლში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც ქალაქის მერის ვლადიმირ იაცუბის გადაყენება მოჰყვა. მოგვიანებით, ყირიმის პარლამენტმა ავტონომიის ხელმძღვანელი ანატოლი მოგილევი გადააყენა. მის ადგილზე კი ,,რუსული ერთობის“ლიდერი სერგეი აქსენოვი დაინიშნა, რომელმაც დახმარებისთვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და რეგიონში სიმშვიდის დამყარება სთხოვა. ამის შემდეგ ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა უმეტესობა რუსეთთან მიერთების მომხრე იყო.
უკრაინის ხელისუფლებამ, ასევე აშშ-მ და ევროკავშირმა უარი თქვეს შედეგების აღიარებაზე, რადგან ის უკანონოდ მიიჩნიეს. ამის მიუხედავად, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ყირიმის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას. მაშინ ყირიმის ხელისუფლებამ ,,შავი ზღვის ნავთობისა და გაზის“, ასევე ,,უკრტრანსგაზის“ აქტივების ნაციონალიზაცია მოახდინეს, რომელიც მანამდე უკრაინას ეკუთვნოდა, ადგილობრივი პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა კი განაცხადა, რომ ნავთობი და გაზი ყირიმში რუსულმა კომპანიებმა უნდა მოიპოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები