არაეპატაჟური პოეტის უგმირო სამშობლო, ანუ „არა ვართ ჩვენ კარგი ხალხი“…
ისეთია, როგორიც არის: ცოტა ოტიასნაირი, ცოტა ყველასნაირი, მაგრამ მაინც საკუთარი თავისნაირი… ეპატაჟებით ფონს გასვლას არ ცდილობს და წერს ტკივილებსა და სიყვარულზე. წუხს, რომ საქართველოში საგმირო აღარც არაფერია, ამიტომ საკუთარ თავს ხმალ-აბჯრიანების ეპოქაში ხედავს. მისი პირველი ლექსები „ნობათში“ და „ცისკარში“ ჯუბა ღებელის ფსევდონიმით დაიბეჭდა. განიცდის, სახლში შეყუჟული და დარდიანი რომაა და სოკრატესავით სულ ადამაინს ეძებს. პოეტ ჯუმბერ გოგრიჭიანის პერსონა.
– ბატონო ჯუმბერ, თქვენთან საუბარი ზოგადი კითხვით მინდა დავიწყო: რა უნდა ჰქონდეს საერთო ყველა დროის პოეტს?
– ყველა პოეტისთვის „ერის წყლული აჩნდეს წყლულად“ ალბთ ვერ იქნება იდენტური, რადგან დიდ ერებში, – აშშ-ში და ა.შ. ერის, სამშობლოს რაობა უკვე თითქმის არ არსებობს… ასევე ვერ იქნება ყველა პოეტისთვის ერთნაირად უფალი, როგორც ლექსი – სულის საწყაო… თუმცა ერთი რამ, რასაც სიყვარული, სიკეთე, სინდისი, უშურველობა ჰქვია, ყველა პოეტს უნდა ახასიათებდეს… და მაინც ვიტყოდი: ყველა პოეტი ჩემთვის მაინც უფლისკენ, ტაძრის გზაზე მავალი ადამიანია…
– თქვენ რითი განსხვავდებით სხვა პოეტებისგან?
– ისევე, როგორც ადამიანი განსხვავდება სხვა ადამიანისგან… ხოლო ჩემთვის მიუღებელ პოეტებს ერთ-ერთ ლექსში „ადამიანისმაგვარნი“ ვუწოდე. მე მიყვარს სულით ხორცამდე და ტკივილამდეც (ისე არ ვამბობ) ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი. ამ ტკივილებზე ვწერ, ამ სიყვარულზე და არ ვცდილობ ეპატაჟებით ფონს გასვლას. ჩემთვის პოეზია, პოეტობა სახელი არ არის. მე როცა მტკივა, ვწერ და ვეშვები. ეს ჩემი სულის შვებაა და არ ვფიქრობ, ვინმეს თავი მოვაწონო, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, ხანდახან დაბეჭდვაც კი არ მინდა. ისე კი პოეტი ჩემთვის, რაღაცნაირად, საკრალური ადამიანია, მათთან მოწიწებით ვარ და მიკვირს, ზოგიერთები როგორ არიან ასეთები – არაპოეტურები…
– ბავშვობაში, როცა ადამიანები უფრო სუფთა და ნათელი არსებები არიან, თქვენ როგორი იყავით და თუ გიჩნდებათ ,,იქ დაბრუნების“ სურვილი?
– ბავშვობაშიც ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორიც ახლა – „ყოველდღიური ცოდვებით სავსე“… ყოველი დღე ჩემი ბავშვობისა იყო რთული და აუტანელი… სულ სწავლა და წიგნები. მძიმედ ვითვისებდი, სულ სახლში ვიყავი და ხანდახან ფანჯრიდან ვუყურებდი ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს, თუმცა ერთი პერიოდი სპორტზეც კი მოვახერხე სიარული. არც მაშინ მინდოდა წინა დღის გახსენება და არც ახლა არ მსურს იქ, ბავშვობაში დავბრუნდე. მადლობა ღმერთს გამოვაღწიე…
– თქვენს ფსევდონიმზე რას იტყვით?
– ეს ჩემი სოფლის სახელწოდებაა. ღები – რაჭის ეს უდიდესი სოფელი, რომლის ტერიტორია მოიცავს 355 კვ. კმ-ს და გაშლილია ცენტრალური კავკასიონის ქედებს შორის, ორმოცდაათსაუკუნოვან მატიანეს ითვლის. ძველი კოლხები სპილენძს, სტიბიუმს, დარიშხანს ამ მიდამოებში მოიპოვებდნენ. რამდენიმეიარუსიანი 100-ზე მეტი ძველი მაღაროა მიკვლეული. აქ იყო ბრილის სახელოსნოები, სადაც უმშვენიერესი ბრინჯაოს ნივთები მზადდებოდა. ღები იყო ამიერ და იმიერკავკასიის გზასაყარი. ფაზისის მთებში, რიონის სათავეშია ბერძნების შერქმეული მთა ამარანტა – ამირანის (პრომეთეს) მთა, ამ მთებიდან წაიღეს ბერძნებმა „ოქროს საწმისი“, ანუ სიბრძნე, როგორც ზვიად გამსახურდია ბრძანებდა.
რაღა თქმა უნდა, ეს ფსევდონიმი ჩემთვის საპატიოცაა და საპასუხისმგებლოც. პირველი ლექსები „ნობათში“ და „ცისკარში“ ამ ფსევდონიმით დაიბეჭდა, თუმცა შემდეგ გვარით ვაქვეყნებდი, პირველი ორი წიგნიც გვარ-სახელითაა. მხოლოდ მესამე წიგნია ჯუბა ღებელით გამოსული და აწი სულ ასე იქნება!…
– გაიხსენეთ თქვენი თავი 20 წლის ასაკში ,- რა თვისებები აღარ შემოგრჩათ და რაზე თქვით თავად უარი?
– როცა 20 წლის ვიყავი, წარმატებული სტუდენტი გახლდით რუსეთში და ცნობილი მოვლენების გამო მივატოვე ყველაფერი, ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ, ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის ფერხულში ჩასადგომად. ახლა, რომ ოცი წლის ვიყო, მივატოვებდი ამ ქვეყანას და უფრო მეტს საკუთარი წარმატებებისთვის გავაკეთებდი. თვისებები კი იგივე შემრჩა – ხისტი, რევოლუციური. აქ კი აღარც საგმიროა რამე, აღარც გმირი სჭირდება ვინმეს. გია აბესაძემ თავი დაიწვა – შერიგდითო, გურამ შარაძე ქუჩაში მოკლეს ილიასავით, და არა ყაჩაღივით, როგორც იტყვიან. ეროვნული პრეზიდენტი (რა შუაშია შეცდომები) მოვკალით, სააკაშვილს დავდევთ, ახალ მთავრობასაც ახლანდელი გადმოსახედიდან, ასე მოუწევს… არა ვართ ჩვენ კარგი ხალხი…
– 20 წლის მერე როგორ ჯუბა ღებელს ხედავთ?
– ჩემს თავს სულ შუა საუკუნეების საქართველოში ვხედავ, მხედრების, რაინდების, შუბის მსროლელების, ხმალ-აბჯრიანების ეპოქაში… 20 წლის შემდეგ, თუ ცოცხალი დავრჩი, ალბათ ისევ ასეთივე ვიქნები – ემოციური, ტკივილიანი, ფიქრიანი, შეიძლება ცოტა ჭილაძისნაირი – სახლში შეყუჟული და დარდიანი, ცოტა ოტიასნაირი – ყანაში მოფუსფუსე, ცოტა ყველასნაირი, მაგრამ მაინც ჩემნაირი – ჯუბასნაირი – ქართული ტრადიციების, ერის ზნეობრივი ფასეულობების, მისი გენეტიკორი კოდის მატარებელ-გამტარებელი და მწერლობის მოამაგე.
– ლექსი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს თავს?
– ჩემს თავს?.. მგონი აი, ეს ლექსი:
,,ჯვარს რომ გაივლი და მერე,
სვეტიცხოველსაც გაჰხედავ,
ჩემი სამშობლოს მთა-ველზე,
უფალი ამონათდება…
აქ პოეზია ნისლადა,
მთის მწვერვალებზე ჰკიდია,
ჩემი სამშობლო, ღვთის მადლმა,
დედამიწაზე დიდია!..
– აღსარება, რომელსაც მკითხველს აბარებთ ლექსის სახით, როგორია?
– ზოგჯერ ლექსია აღსარება, ზოგჯერ კი აღსარებაა ლექსი… ყველა პოეტი თავის თავს ჰყვება, თავისი თავი, თავისი სულის მდგომარეობა გამოაქვს გარეთ. მე მგონი, ლექსით თქმული აღსარებაც ისევე გულწრფელია, როგორც მოძღვართან გამხელილი… ერთ-ერთი ლექს-აღსარება მეც მაქვს და ვფიქრობ, რომ სულისმიერი, გულისმიერი და რეალურია. უფლის წყალობით ვარ ასეთი, როგორიც ვარ… არც მშობლებს ვგავარ მაინცდამაინც, არც ახლო წინაპრებს, არც გარშემომყოფებს… არაფერი ადვილად არ მომდის ცხოვრებაში და არც ბევრი არაფერი მაქვს. თუ სადმე ვინმეს დახმარებით ვყოფილვარ, უფრო ისევ მათთვის და არა ჩემთვის… არავის წინაშე ვალში არ დავრჩენილვარ და დღეს, სახელმწიფოსაც კი (და არა ქვეყანას, სამშობლოს) ჩემი ვალი აქვს…
– რისი გეშინიათ და რა გახარებთ?
– ,,ჩემი სამშობლო მახარებს,
თავისი სახელ-დიდებით,
ნისლი რო ფარავს მაღალ მთებს,
იქეთკენ მივედინებით…
აქ არ ვეძიებ სამართალს,
იქ ველი უფლის განაჩენს,
სულ იმას ვშიშობ, სანამ ვარ,
სამშობლოს ვალი არ დამრჩეს!”
– რას ეძებს ცხოვრებაში ჯუბა ღებელი?
– ჩვენ დღეს ყველა იმედს ვეძებთ და იმედიან-ადამიანებს, ხალხს, ვინც ჩვენს გვერდით იქნება, ვის გვერდში ყოფნაც სასიამოვნოა, ვისთანაც ერთად მამულის ტვირთის ზიდვას შევძლებთ. რა უცნაურად ჟღერს ახლა ეს სიტყვები, მეც კი მეხამუშა… მე კი სოკრატევით სულ ვეძებ, ა დ ა მ ი ა ნ ს ვეძებ… და ბოლოს, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ამ ბოლო ლექსისთვის, რომელიც თქვენმა კითხვამ დამაწერინა… გაიხარეთ…
– ლექსში ,,წუთისოფელი” თქვენ წერთ: „აღარც აქ რამეს მოველით, რა გვეგულება იქითაც, მოვდივართ წუთისოფელში, თვალს შევავლებთ და მივდივართ“!.. დღიდან გაჩენისა, რას ,,შეავლეთ“ უკვე თვალი, რა შეიმეცნეთ და რაზე იტყვით: დარწმუნებული ვარ?
– ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ,- ღმერთის არსებობა და სიყვარულია, რომელსაც უფალთან მივყავართ. ადამიანი თითქოს არც საიდან მოდის და არც საით მიდის… არარაობიდან არარაობაში მივდივართ, მაგრამ – უფლიდან უფალში. ცნობიერებაა არარაობა, რომელიც აქ მოსულ ადამიანებს გვაქვს და მიზანიც აქ მოსვლისა, ალბათ, სწორედ ესაა, – შევიცნოთ ყოფიერება ჩვენს თავზე და შევიმეცნოთ მარადიულის არსი: საითაც წავალთ. წინ მარადისობააო,- ოთარ ჭილაძემ ბრძანა…
თეონა გოგნიაშვილი