ბრიტანეთის საგარეო უწყება მოსკოვს მოუწოდებს “მალაიზიის ავიახაზების” ლაინერის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი მოსკოვს მოუწოდებს “მალაიზიის ავიახაზების” ლაინერის, რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. დღეს ტრაგედიიდან ზუსტად 4 წელი გავიდა.
ჰანთის განცხადებას წინ უსწრებდა ნიდერლანდების სამეფოს და ავსტრალიის ოფიციალური განცხადებები. ლაინერის ჩამოგდებაში, სადაც 298 მგზავრი იმყოფებოდა, მათაც რუსეთი დაადანაშაულეს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, რომელთაც საყვარელი ადამიანები ამ საშინელ და შოკისმომგვრელ გარემოებაში მოუკლეს. ისინი სამართლიანობის აღდგენას იმსახურებენ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი 4 წლის განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობდა ამ საქმის გამოსაძიებლად. დღეს ჩვენ ვიცით, რომ MH17 „ბუკ“-ის სისტემის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთის 53-ე ანტისაჰაერო სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნოდა. მათ რუსული წარმოების რაკეტა უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიიდან გაუშვეს, რომელიც პრო-რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირდებოდა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჰანთის განცხადებით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას და უხეშად ხელყოფს ადამიანის სიცოცხლის უფლებას.