ჰელსინკში ტრამპის და პუტინის შეხვედრას ამერიკელი და რუსი ჟურნალისტები სხვადასხვა პრესცენტრიდან აშუქებენ
ფინეთის დედაქალაქში, საპრეზიდენტო სასახლეში, სადაც ტრამპის და პუტინის შეხვედრა იმართება, რუსი და ამერიკელი ჟურნალისტებისთვის ცალ-ცალკე პრესცენტრებია გახსნილი. შეხვედრის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ორი ქვეყნის ჟურნალისტები მოვლენას სხვადასხვა სივრციდან აშუქებენ.
„ეს არ არის არც აკრძალვა და არც დადგენილი წესი, ეს მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციაა“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
როგორც წესი, მსგავსი საერთაშორისო შეხვედრების დროს მედია ერთ პრესცენტრში მუშაობს.
უცხოური პრესა იუწყება, რომ საპერზიდენტო სასახლეში ამერიკელ და რუს ჟურნალისტებს რამდენიმე ოთახი დაუთმეს, სადაც ყველა შესაბამისი პირობაა იმისთვის, რომ მათ რეპორტაჟები მოამზადონ და მოვლენა შეუფერხებლად გააშუქონ. ოთახებში დამონტაჟებულია მონიტორები, სადაც შეხვედრის ტრანსლირება მიმდინარეობს, ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ უკაბელო ინტერნეტით.
ერთადერთი ადგილი, სადაც ორი ქვეყნის მედის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოხვედრა უწევთ, ეს სასადილოა, სადაც ორგანიზატორები ჟურნალისტებს ნაციონალური კერძებით, ასევე სენდვიჩებით, გამაგრილებელი სასმელებით უფასოდ უმასპინძლდებიან.
მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილია სპეციალური ტერიტორიაც, სადაც მათ შესვენებაზე გასვლა შეუძლიათ.