„ამ ტელესკოპებს ცნობილი ასტრონავტების ხელმოწერები  და საუკეთესო სურვილები მოაქვს ბავშვებისათვის“…

აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა. სოხუმში დაამთავრა თსუ ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, სოხუმი რომ დაეცა და მშობლიური მხარის დატოვება მოუწია…
თბილისში, ახალ გარემოში  სულ სხვა ცხოვრება დაიწყო… თეატრალური ინსტიტუში ჩააბარა და სადიპლომო ფილმმა წარმატებაც მოუტანა.
შემდეგ იყო მოსკოვის „ვგიკი“… მოსკოვში გაიცნო მომავალი მეუღლეც. ცხოვრებას სამ ეტაპად ჰყოფს – აფხაზეთში ცხოვრების ხანად, 1993 წლიდან 2006 წლამდე და 2006 წლიდან ჰოლანდიაში მოღვაწეობის პერიოდად.
ჰოლანდიაში დააფუძნა ფონდი „არტექო“ და მრავალი საერთაშორისო პროექტი განახორციელა.
სექტემბერში ქართველი მოზარდებისთვის ხელდამშვენებული ჩამოდის თბილისში, მათთვის უნიკალური ტელესკოპები ჩამოაქვს.
ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის წარმომადგენლობის ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომელია. – დალი უბილავა დე-გრააფის პერსონა.

 – ჩემი წინაპრები გალში დიმიტროვის ქუჩაზე  ცხოვრობდნენ. იქ დავიბადე, გალში დღესაც დგას თეთრი ლამაზი სახლი, რომელმაც გაუძლო ძალიან დიდ პოლიტიკურ  ქარიშხლებს. დედა, რომელმაც ბედნიერი ახალგაზრდობა იქ გაატარა, 80 წლისაა და ახლაც ჩადის და ეფერება ყველაფერს. 25 წელია ღამის მატარებლით მგზავრობს, შემდეგ რისკის ფასად გადადის საზღვარზე, რათა დილით ჩვენს სახლში მივიდეს.
მის ყოველ წასვლაზე ჰგონია, რომ ახლა მაინც მოხდება სასწაული და თავისუფლად შევალთ  ჩვენს მიწა-წყალზე…
ძალიან ყოჩაღი და პატიოსანი მშობლები მყავდნენ, ევროპული გაგებით, მართლა ინტელიგენტურ ოჯახში დავიბადე,  საკუთარი ეგო არასდროს ჰქონდათ წინა პლანზე წამოწეული….
– როდის წამოხვედით აფხაზეთიდან?
– ჩემი ცხოვრება სამ ნაწილად იყოფა: ომამდე, 1993 წლამდე, მეორე  – 1993 წლიდან 2006 წლამდე, შემდეგ – 2006 წლიდან ჰოლანდიაში გადმოსვლამდე.
სოხუმში დავამთავრე თსუ ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ჩემი პირველი პროფესია იყო მათემატიკოსობა. 1993 წელს უკვე ვმუშაობდი სკოლაში… ძალიან ტრაგიკულად მახსოვს, დევნილობამდე, ის ბოლო ორი წელი… ომი რომ დაიწყო, სკოლა ტრასაზე იდგა და ტანკების შლიგინი ხშირად მესმოდა. არ დამავიწყდება გულისმომკვლელი კადრები – ტანკი წინ მიდის, შუაში ნაძარცვი მანქანები ჩაუყენებიათ და აფხაზეთიდან ენგურისკენ მიემართებიან. 1993 წლის სექტემბერში დავტოვე გალი.
27 სექტემბერს, როცა მთელი აფხაზეთი მოაწყდა ენგურის ხიდს, ჩვენც დავიძარით. დედაჩემი არაფრით არ წამოვიდა. მილიონი მანქანა მოაწყდა ხიდს. მამასთან ერთად 15 წუთის გასავლელ გზას მთელ ღამეს გავდიოდით… როგორც იქნა, სენაკში ჩავაღწიეთ. გზად მრავალი დაბრკოლება და გულის დაწყვეტაც შეგვხვდა.
თბილისში რომ გადმოვედით, ძალიან ჭირდა ცხოვრება. 1000 კუპონად დევნილის საბუთს აკეთებდნენ. დღეს ევროპაში ბევრია სწორედ იმ წლებში საქართველოდან გადმოხვეწილი დევნილი და არადევნილი, მაგრამ არასდროს მიცდია, სადმე გავქცეულიყავი. სულ მჯეროდა, გამოსწორდებოდა ვითარება, ყველაზე მძიმე წლებში ჩემს გაჭირვებულ ხალხთან ერთად ვიყავი და ამით ვამაყობ. მოგვიანებით მომიწია უცხოეთში წასვლამ.
– ვიცი, რომ მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა სახლის დატოვება…
– ლაღი, თავისუფალი ადამიანი იყო… თავისი კატერი ჰქონდა, თევზაობა იყო მისი ჰობი, ავტოსატრანსპორტო საწარმოში მუშაობდა მთავარ ინჟინრად…
და საკუთარი დამბაც კი ჰქონდა.  ზღვაში, კატერზე რომ ვისხედით, გაგვაფრთხილებდა ხოლმე, არ ისაუბროთ, თევზებს მიფრთხობთო. ასეთი საყვარელი პიროვნება იყო… ჰოდა, აქეთ გამოქცეულს ერთადერთი მანქანაც რომ წაართვეს, მერე უკვე ნაპოვნში კიდევ 300 დოლარი გადაგვახდევინეს, მოკლედ, უსასრულო დამცირება ვერ აიტანა… აფხაზეთში ჩვეული სილაღის მერე თბილისში გამოკეტილ უკარფანჯრო ოთახში გული გაუსკდა… 59 წლის წავიდა 1997 წელს… მაინც გადავასვენეთ და იქაა დაკრძალული.
იმის მერე, როგორც გითხარით,  დედა დადის ყოველ სეზონზე… იმ იმედით, რომ იქნებ მომავალი ციტრუსის სეზონისას მაინც დაგვაბრუნონო… ასე გახდა ამასობაში 80-ის და მაინც იქით მიდის…
დევნილობაში თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდით…
– მანამდე რადიოში მოვხვდი მედეა გეგეშიძესთან, იქ ლამარა კიკილაშვილი გავიცანი. ომისგან დასტრესილი არაჩვეულებრივ გარემოში აღმოვჩნდი. რადიოგადაცემები და საინტერესო ადამიანები იყო ჩემთვის შუქი გვირაბის ბოლოს და სულიერი სიმშვიდის წყარო.  გადავწყვიტე, ახალ პროფესიას დავვუფლებოდი. იმხანად ჭაბუა ამირეჯიბი გავიცანი, მან „გორა მბორგალი“ მაჩუქა სამახსოვრო წარწერით.  თეატრალურ ინსტიტუტში წარსადგენი სარეკომენდაციო წერილიც მომცა და ასე მოვხვდი  თეატრალურში – მხოლოდ წერილით არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ წერილმაც გარკვეული როლი შეასრულა.
სადიპლომო ფილმმა „ჩვენ, დევნილები… უკომენტაროდ“… „ვგიკის“ ფესტივალში დიპლომი მოიპოვა…
– ამ ფესტივალმა გზა გამიხსნა, რომ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვების შედეგად მოპოვებული ამერიკული და ნორვეგიული სუბსიდიებით სტაჟირება გამეარა მოსკოვში, „ვგიკში“, ჯერ მხატვრული ფილმების და შემდეგ, დოკუმენტური ფილმების რეჟისურის კათედრაზე…
მოსკოვში გავიცანი მომავალი მეუღლე, პაულუს მარინუს კორნელის ფრედი დე- გრააფი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და იქ საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული. ფილმების ჩვენება კინოს სახლში მიმდინარეობდა,  რომელსაც ჩემი მომავალი მეუღლე და მისი მეგობარი ესწრებოდა. მოგვიანებით მომძებნეს, მადლობა გადამიხადეს, ასე სრულიად შემთხვევით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ჩემი ჰოლანდიური ცხოვრების მოსამზადებელი პერიოდი.
– ცხოვრების მანძილზე მრავალი საინტერესო ადამიანი შეგხვედრიათ…
– შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ღმერთი სულ მწყალობს, ვაკვირდები, რაიმე დაბრკოლების, ანდა უნუგეშობის დროს ვიღაცას გამომიგზავნის ხოლმე. ისე, რომ არ მივდივარ სასოწარკვეთილებამდე. შეიძლება კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული ადამიანი აღმოჩნდეს ბიძგი. ყოველთვის, რაიმე შეფერხების დროს აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ბიძგს მომცემდა  და წინ განვაგრძობდი გზას.
მათი სურათების გალერეა – ღიმილიანი სახეებით მიდგას თვალწინ. მოსკოვში ცხოვრების დროს ამ ადამიანების სურათები თავთან მქონდა გაკრული და  მუდამ დადებით განწყობილებას მიქმნიდა.
დღემდე მწყალობს ბედი, იმდენ კარგ ადამიანს შევხვდი… მათ ცხოვრება მასწავლეს.
ბატონ რეზო ჩხეიძეს გავიხსენებ, რომელიც  არა მხოლოდ საქმეში, ცხოვრებაშიც, ადამიანობაშიც მასტერკლასებს გიტარებდა. ჩემი უფროსი მეგობარი იყო, დიდი სითბო მახსოვს მისგან.
მე რომ სტაჟირებაზე ვიყავი, მაშინ მოსკოვში იმყოფებოდა გადამღები ჯგუფით…  სარეკომენდაციო წერილი მჭირდებოდა, მასთან შესახვედრად რომ მივდიოდი, ნახევარი „ვგიკი“ გამომეკიდა, ძლივს დავიძვრინე თავი და მხოლოდ ერთი ძალიან ახლობელი რუსი სტუდენტი წავიყვანე. სანამ ჩვენ ჩავჩანჩალდით მეტროთი, ნახევარი საათი დაგვაგვიანდა, წარმოიდგინეთ, ასეთი დიდი პიროვნება რესტორანში გაშლილ სუფრასთან თავის გადამღებ ჯგფთან ერთად გველოდა!
მერე კიდევ მომიწია მასთან შეხვედრა, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. ერთი ნიუანსი მინდა გავიხსენო,  ჩემი შეხვედრისთვის გამოყოფილ დროში, ტელეფონი რომ გამსკდარიყო რეკვით, არ აიღებდა. ამით დიდ პატივისცემას გაგრძნობინებდა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მაშინ  ეს ძალიან დიდი იშვიათობა იყო.
ხომ თითქოს პატარ-პატარა დეტალებია, მაგრამ დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილებად იქცა ჩემთვის.
– 2006 წლიდან ჰოლანდიაში ცხოვრობთ, სადაც მრავალ კარგ საქმეს ჩაუყარეთ საფუძველი… პირველი ფონდ „არტ-ექოს“ დაფუძნება იყო.  ფესტივალი „იბერია“ იყო „არტ-ექოს“ პირველი პროექტი…
– 2009 წელს დავაარსე ეს ფონდი, რომელმაც მრავალ კარგ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ამ საქმეში უზარმაზარი დრო, ენერგია, ჯანმრთელობაა ინვესტირებული. ფონდის მთავარი მრჩეველია ოსკაროსანი პროდიუსერი, ძალიან დიდი ავტორიტეტი და პროფესიონალი,  სილია ვან დაიკი.
10 წლის მანძილზე ფონდმა დიდი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები განახორციელა.
2010 წელს ჰოლანდიაში ქართულ ფოკლორს, მხატვრობას და კინოკლასიკას გაეცნენ. ჰოლანდიაში მოვიწვიეთ ანსამბლი „რუსთავი“. ორმოცდაათიანელი ქართველი მხატვრები: რადიშ თორდია, ლევან ცუცქირიძე, დიმა ერისთავი, ვახტანგ ონიანი, ზურაბ ნიჟარაძე,  იმავე წელს ორ კინოთეატრში ქართული კინოკლასიკის რეტროსპექტივა გაიმართა. ოთარ იოსელიანის, რეზო ჩხეიძის, გიორგი და ელდარ შენგელაიების, გელა ბაბლუანის  ფილმები ვაჩვენეთ. ამ უკანასკნელის გარდა იმ კინოფირებიდან, რომლებიც დაცულია ჰოლანდიის ფილმების არქივის ფონდში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შოთა რუსთაველის კედლის გახსნა ლეიდენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ბაღში. ვამაყობ ამ პროექტით.  ქართველები ამ კედელთან დღესაც  სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. თავის დროზე ჰოლანდიელების პროექტის მიხედვით ქალაქ ლეიდენში  მსოფლიო ლიტერატურის 100 შედევრი უნდა გამოფენილიყო მონუმენტური შენობების ფასადებზე.  პროექტის დახურვიდან 5 წლის შემდეგ გამონაკლისი დაუშვეს და  კედელზე 101-ე შედევრად „ვეფხისტყაოსნის“ ორი სტროფი  გამოიფინა. ამ ყველაფრის მიღწევა უდიდესი შრომის ფასად დამიჯდა.
მეორე წელს თბილისმა ძალიან ცნობილ ანიმაციური კინოს ევროპელ მეტრს გერიტ ვან დაიკს უმასპინძლა. თბილისში ჰოლანდიური   ხე­ლო­ვა­ნის, ანი­მა­ტო­რი­სა და მხატ­ვ­რის – გე­რიტ ვან და­ი­კის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვა და გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა გაიმართა. ასევე შთამაგონებელი იყო მასტერკლასები ანიმაციაში.
გე­რიტ ვან და­ი­კმა ქართველ სტუდენტებთან ერთად შექმნა ქართულ-ჰოლანდიური ანიმაციური ფილმი „რე-ანიმაცია დასავლურად“. სტუდენტებმა აიტაცეს ეს ფილმი.
სა­უნ­დ­ტ­რე­კს სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო ან­სამბლ „მარ­თ­ვეს“ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა „შენ ბი­ჭო, ანა­გუ­რე­ლო”. სა­უნ­დ­ტ­რე­კი, რო­გორც სა­მუ­შაო მა­სა­ლა, გაიყო სტუდენტების რაოდენობაზე,  თი­თო­ე­უ­ლმა სტუ­დენ­ტმა ფილ­მი­სათ­ვის თა­ვისი რამდენიმე წა­მი­ანი მო­ნაკ­ვეთი გააკე­თა.
ასე რომ, ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო გერიტ  და სილია ვან დაიკების შემოქმედება.
2012 წელს ჰოლანდიაში ისევ ანსამბლი „რუსთავი“ ჩამოვიდა და კონცერტებთან ერთად ქართული სიმღერის ვორკშოპები გაიმართა. გავაფართოვეთ არეალი, ლეიდენს დაემატა კეუკენოფი, ტექსელი.   2013 მოეწყო ქართველი პუბლიკისთვის კი – ძალიან ცნობილი ჰოლანდიელი ფოტოხელოვანის ერვინ ოლაფის გამოფენა, 2014 და 2017 წლებში ფონდის პროექტები აფხაზეთიდან  დევნილი ხელოვანებს მივუძღვენით და 26  ხელოვანის ორი ჯგუფური გამოფენა  გავმართეთ ჰოლანდიაში.
 წლევანდელი სექტემბერი ახალი პროექტებით  დატვირთული გექნებათ…
– ერთი წლის წინანდელი პროექტი – “როდის? ჩემი ოცნება – ჩემი აფხაზეთი”, 22 აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის გამოფენა ჰოლანდიაში, ახლა სხვა სცენარით, ახალი პროექტის სახით გრძელდება… ყველა ქართველისთვის უმძიმეს დღეს, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც დიდი პერფომანსი “სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი” გაიმართება, ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტის სუნთვის შემკვრელი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიხსნება.
ასევე დასრულდება ფოტოალბომი თბილისზე – „თბილისიდან ტფილისამდე“. ეს ალბომი უნიკალურია იმით, რომ თბილისის ისტორია არქიტექტურულად საინტერესო შენობების მეშვეობით იქნება გადმოცემული. ალბომის ავტორები არიან –  ისევ და ისევ  ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი და თქვენი მონა-მორჩილი.
ალბომი 1 სექტემბერს ჰააგაში საელჩოების ფესტივალზე გამოიფინება, ოქტომბერში კი – ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წავიღებთ. მადლობა ყველა პარტნიორს, ვინც ხელი შეგვიწყო ამ ამ პროექტის  განხოციელებაში.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის წარმომადგენლობის ვიზიტორთა ცენტრის ერთადერთი ქართველი თანამშრომელი ხართ…
– ასეა, მაგრამ ვმუშაობ, როგორც ჰოლანდიის მოქალაქე. ჩემი საქმიანობა ჰოლანდიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა ჯგუფისთვის ლექციის მომზადება და საათნახევრიანი პროგრამის წარმართვაა.
ზოგადად კი,  კოსმოსურ პროგრამებზე, მეცნიერებაზე, საერთოდ, კოსმოსზე ქართული საზოგადოება ძალიან ცუდადაა ინფორმირებული. როცა  ჰოლანდიაში კოსმოსი ყველაზე პოპულარული თემაა. ადამიანს ბავშვობიდან უღვივებენ ინტერესს. ეს პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ განვითარებას.
– ვიცი, რომ სასექტემბროდ ხელდამშვენებული ჩამოდიხართ თბილისში… ამჯერად ქართველ მოზარდებს ტელესკოპებს ჩამოუტანთ…
– მოვახერხე ორი ტელესკოპის მოპოვება აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის. თავიდან დევნილებისთვის მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მერე მირჩიეს, ხომ არ სჯობდა, რომ სხვა ბავშვებსაც ესარგებლათ ამ ტელესკოპითო. გადავწყვიტე, ტელესკოპები, რომლებსაც ჩამოვიტან საქართველოში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს გადავცე.

დალი დე -გრააფი და ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი

ჩვეულებრივი ტელესკოპის შეძენა ნებისმიერ მდიდარ ადამიანს შეუძლია, მაგრამ რით არის ეს ტელესკოპები უნიკალური? ამ ტელესკოპებს ნასას და ესას დაახლოებით 20-მდე ასტრონავტის და ამ სფეროში ცნობილი მეცნიერების ხელმოწერები  და საუკეთესო სურვილები მოაქვს ბავშვებისთვის. ეს ასტრონავტები  მინიმუმ ორჯერ მაინც  ყოფილან კოსმოსში.
როგორც კი დაბრუნდება დედამიწაზე ასტრონავტი, ეგრევე ანიჭებენ გმირობას, სწორედ ამ გმირების ხელმოწერებით დამშვენებული ტელესკოპები ჩამოუვათ ქართველ ბავშვებს.
ტელესკოპებთან ერთად მომაქვს წიგნები, რუკები, ვიდეოები, კამერები, ფოტოაპარატები, შტატივები – მთელი კომპლექტაცია, რაც საჭიროა  თანამედროვე ასტრონომიის კლასისთვის, ანუ ყველაფერი, რაც სჭირდება სრულყოფილი მუშაობისთვის. ამ ასტრონავტებიდან ერთ-ერთი –  „აპოლო-16“ -ის ასტრონავტი ჩარლი დუკია, რომლმაც მთვარის რუქაზე ზუსტად იმ წერტილში დასვა თავისი ხელმოწერა, სადაც ფეხი დაადგა. გერმანელი ასტრონავტი ალექსანდრე გერსტი, რომელიც ამჟამად კოსმოსურ სადგურზეა, ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი, რომელიც 7-ჯერ იყო კოსმოსში და მათ შორის ერთ-ერთი მისია თითქმის წელიწადი გრძლედებოდა. ტელესკოპებზე ხელმოწერები დაგვიტოვეს ასტრონავტმა ქალბატონებმაც, ამერიკელმა ანა ლი ფიშერმა და ფრანგმა კლაუდია ჰაინერემ.
ამ ტელესკოპების მეშვეობით ბავშვები უშუალოდ დააკვირდებიან მთვარის ზედაპირს, კრატერებს, იუპიტერს, სატურნს, ვარსკვლავებს.  მომაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეიძლება  ნებისმიერ წერტილში გათვალო ხელსაყრელი დრო ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის. პროგრამის მიხედვით ზუსტად შეიძლება განსაზღვრა, მაგალითად თბილისიდან როდის იქნება ყველაზე ხილვადი დაკვირვების ობიექტი.
ტელესკოპი მრავალ უხილავს ხილულად ქმნის და ბავშვებს საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს, ახალი აღმოჩენებისათვის, ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებისთვის განაწყობს, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
მიხარია ამ ტელესკოპების ჩამოტანა თბილისში. მათ მხოლოდ დასჭირდებათ ზუსტად გამოყენება და ფაქიზი ხელები, რომ არ გაპარტახდნენ და სწორედაც რომ ასეთ მისამართზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაბინავდებიან. დიდი მადლობას ვუხდი თბილისის მერიას ამ საქმეში  თანადგომისთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები