“ჩნდება კითხვა-საიდან უნდა მოხდეს თანხების დაზოგვა?“ – ზაალ ანჯაფარიძე მცირე მთავრობის კონცეფციაზე საუბრობს

რჩება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, კერძოდ ის, თუ, რა დასაბუთება აქვს სამინისტროების გაერთიანებას და შემცირებას იმ სქემით, რა სქემითაც ეს მოხდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანჯაფარიძე სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, წინასწარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია. „შეფასების გაკეთება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი, შეკვეცილი მინისტრთა კაბინეტი დაიწყებს მუშაობას. ჩვენ ვნახავთ როგორ მუშაობს ის და ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, რამდენად აისახება ის იმ დარგებზე, რა დარგებიც შედის მის გამგებლობაში. დღეს წინასწარი დასკვნების გაკეთება ვფიქრობ, ნაადრევია, თუმცა, რა თქმა უნდა, რჩება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, კერძოდ ის, თუ, რა დასაბუთება აქვს სამინისტროების გაერთიანებას და შემცირებას იმ სქემით, რა სქემითაც ეს მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი და დეტალური ახსნა-განმარტება ვერც პრემიერ-მინისტრისგან, ვერც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან, შესაბამისად, ერთადერთი, რაც ჩვენ, დაგვრჩენია ანალიტიკოსებს და ზოგადად, საზოგადოებას, რომ დაველოდოთ, როდის დაიწყებს ახალი მთავრობა ახალი შემადგენლობით ფუნქციონირებას და დაახლოებით 100 დღის შემდეგ, შეგვიძლია, პირველი შეფასებები გავაკეთოთ“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ჩნდება კითხვა – ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს თანხების დაზოგვა. „ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი – მცირე მთავრობის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ დაზოგილიყო საბიუჯეტო თანხები და ეს თანხები მიმართულიყო მოსახლეობის სოციალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, როდესაც გვესმის განცხადებები, რომ არ იგეგმება სამინისტროებში დასაქმებულთა რიცხოვნების შემცირება და ვიცით ყველამ, რომ სამინისტროების ბიუჯეტის ლომის წილი მოდის სწორედ ხელფასებსა და იქ დასაქმებული ადამიანების სოციალურ შემწეობაზე, მაშინ ჩნდება კითხვა-საიდან უნდა მოხდეს თანხების დაზოგვა. თუ თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება, მაშინ გამოდის, რომ იგეგმება სამინისტროს მიერ შესასრულებელი რაღაც პროექტების რაოდენობის შემცირება? ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არ გვაქვს და ეს ბადებს ერთგვარ სკეპტიციზმს – რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი მთავრობა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი სწორი იქნება, მთავრობა შევაფასოთ მის მუშაობაში“, – განაცხადა ანჯაფარიძემ. შეგახსენებთ, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები