თბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა

2018 წლიდან დღემდე თბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.

„ამან ზოგადად შეცვალა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება პარკების მიმართ. დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. არ არსებობს სივრცე, ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინდში უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თბილისის ტყეზე ზრუნვა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა.

„აღნიშნული მიმართულება წლების განმავლობაში იყო დავიწყებული. არავითარი სამუშაოები არ ხორციელდებოდა, რის გამოც ბევრი სატყეო უბანი დეგრადირდა და დაკარგა ტყის სტატუსი. ჩვენ ჩავატარეთ ტყის სრული ინვენტარიზაცია და შევუდექით ყველაზე პრობლემური ადგილების რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა 142 ჰექტარზე, სადაც დაირგო 80 ათასზე მეტი ხე“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ამასთან, ანდრია ბასილაიას თქმით, ბოლო წლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა თბილისის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, განხორციელდა ფიტოსანიტარიული სამუშაოები, გეგმური სანიტარიული ჭრები, ბალახის თესვისა და ბულჩირების სამუშაოები, გზაგამყოფებისა და საგზაო კუნძულების მოწყობა-მოწესრიგება, რომელიც უკვე 75 მისამართზე განხორციელდა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დედაქალაქში უკვე 36 ახალი შადრევანი მოეწყო, 23 კი რეაბილიტირდა; დაირგო 700 ათასამდე მწვანე ნარგავი.

პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ახალ პარკებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, პარკები მოეწყო ისეთ ადგილებზეც კი, სადაც მანამდე სარეკრეაციო სივრცე არასდროს ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია ზღვის უბნის პარკი.

„აქ წლების განმავლობაში იყო ჭაობი, ანტისანიტარია. ეს იყო ადგილი, რომელსაც მოსახლეობა თავს არიდებდა. ამ პროექტის განხორციელებაში 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ერთი წელი მხოლოდ დაჭაობებული ნიადაგის გატანისთვის დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლოთ სამუშაოების განხორციელება. პარკი შარშან გავხსენით, თუმცა გამწვანების სამუშაოებს ვაგრძელებთ. 2-3 წელი გვჭირდება ხოლმე, რომ პროექტმა გამწვანების კუთხით სრულყოფილი სახე მიიღოს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, პარკები ასევე მოეწყო ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში, ასევე, გაკეთდა ლიბანის სკვერი; გარდა ამისა, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ გასხვისებული, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს და მიემატა „მზიურის“ პარკს, რომელიც ახლა უკვე 16 ჰექტარს მოიცავს.

რაც შეეხება არსებული პარკების რეაბილიტაციას, მერის მოადგილის თქმით, განახლდა სარაჯიშვილის ბულვარი და სკვერი (2.5 ჰა), მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, ვაკის პარკი, პუშკინის სკვერი, კ. გამსახურდიას სახელობის სკვერი (ე.წ. გეგეშიძის ბაღი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტექსელის სკვერს, გორგასლის ბულვარს, მუხიანის პარკს, სამგორის პარკს; სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოეწყო პარკი, ხოლო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში – ციციშვილის პარკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები