“ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა პირადად თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა ამომრჩევლების ნება” – შალვა პაპუაშვილი

“ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა პირადად თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა ამომრჩევლების ნება. წერტილი. ახლა ჩვენ ველოდებით, რას გვეტყვის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი, რომელიც აქ გულცივად იყურება ხელისუფლების მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს საარჩევნო სისტემა არის საკმაოდ ლიბერალური საარჩევნო დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით.

“ნახეთ, მაგალითად აშშ-ში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში როგორი სისტემა არის. შეზღუდულია იქ უცხოელების რეგისტრაცია დამკვირვებლებად და ჩვენი პარლამენტიდანაც ხშირად არიან ხოლმე სადამკვირვებლო მისიებში და ეს ძალიან კარგად ვიცით. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ღია არის ყველა მისიისთვის. სპეციფიკური არის ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება მოწვევა, ვინაიდან ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე, ასე არის.
ეუთო/ოდირის დაკვირვებას რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან და ზოგიერთი დედაქალაქიდან მოხდა თავდასხმა 26 ოქტომბრის შედეგებზე, ვინაიდან ნახეს, რომ არ იყო მათთვის სასურველი შედეგი, როგორც აღმოჩნდა და ცდილობდნენ, რომ დისკრედიტირება მოეხდინათ არჩევნების, ვნახეთ, სულ რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა პირადად თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა მოსახლეობის და ამომრჩევლების ნება. წერტილი. ახლა ჩვენ ველოდებით, რას გვეტყვის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი, რომელიც აქ გულცივად იყურება ხელისუფლების მიმართ. რას გვეტყვის ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკი. ეს ამდენი თვე, ხან რომ „ქართული ოცნების“ მინისტრი ეძახეს ზოგიერთ მინისტრს და „ქართული ოცნების“ პარლამენტს რომ ეძახის ზოგიერთი უცხოელი და მათი დაფინანსებით ადგილობრივი „ენჯეოები“, აპირებენ თუ არა, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია თავისი ხელისუფლება და ბრიუსელის, თუ ზოგიერთი დედაქალაქის ჩინოვნიკი და მათი ზოგიერთი ელჩი, დემოკრატიის უარყოფით ცდილობს, წაართვას ქართველ ხალხს საარჩევნო უფლება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველოდებით, რომ აღიარონ ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასება და მოუხადონ ბოდიში ქართველ ხალხს. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ყველა სხვა საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობას და ამ მოწოდებებს, კიდევ ერთხელ, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს ბრიუსელიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები