„წერა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჰობი“

ლაღი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რასაც  მშობლებს უმადლის. მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლაში ყოველდღე მამას დაჰყავდა. უსასრულოდ შეუძლია ოჯახზე ლაპარაკი – დედ-მამაზე, უმცროს დაზე.
პირველი რომანი „ადამიანთა ყოფა“ 17 წლის ასაკში დაწერა. ახალი რომანის ,,შერწყმის“ წარდგენა კი ახლახან წარმატებით გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
საფრანგეთის მონპელიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. რთული რეჟიმის მიუხედავად, წერას მაინც ყოველთვის ახერხებს. უკვე მესამე რომანზე მუშაობს.
ახალგაზრდა მწერლის – ლუკა ხატიაშვილის პერსონა.

 

– ბავშვობა საკმაოდ კარგად მახსოვს. მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, საოცრად ენერგიული. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მარტო ვიყავი თუ არა, გასართობს ყოველთვის ვპოულობდი. საკმაოდ უდარდელი ბავშვობა მქონდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლების დამსახურებაა. არ მიყვარდა ძილი. საბავშვო ბაღში სიარულზე სწორედ იმიტომ ვთქვი უარი, რომ  შუადღეს ჩემი დაძინება სცადეს.
თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მშობლებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ჩემთან და ჩემს დასთან. მამაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარს, სამშობიაროდან მარადონას მაისურით გამომიყვანა, რომელსაც 10 ნომერი ეწერა და თურმე დიეგოს დარქმევასაც მიპირებდა, თუმცა აქ დედამ იმარჯვა (იცინის) და მამას შეყვარებულობის დროს დადებული შეთანხმება შეახსენა, მათი პირობის თანახმად, ბიჭის დაბადების შემთხვევაში სახელს დედა შეარჩევდა, გოგოს სახელს კი – მამა. სამწუხაროდ, მამის იმედები ვერ გავამართლე და ფეხბურთელი ვერ გამოვედი. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და, მერიკო, დაიბადა. ფურცელები არ მეყოფა, ჩვენს ურთიერთობასა და ბავშვობის ოინებზე რომ გიამბოთ. მერიკოს სიყვარული შუბლზე დაღად მაქვს დასმული შრამის სახით. მიხარია, რომ მერიკოს უყვარს ხატვა, იზიდავს ხელოვნება და კარგად სწავლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჩემს ოჯახზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა საჯაროდ საუბარი არ მიყვარს.
– რა იყო განსაკუთრებული სკოლის პერიოდიდან?
– სკოლაში სიარული ყოველთვის მიყვარდა. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გამიმართლა და მყავდნენ ძალიან კარგი კლასელები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილნი გახდნენ. ახლა, ერთი ოჯახი ვართ. მასწავლებლები ყოველთვის ასე მახასიათებდნენ: კარგად სწავლობს, მაგრამ ძალიან ცელქია. სწორედ ჩემმა პედაგოგებმა შემაყვარეს კითხვა და დიდი წვლილი შეიტანეს ჩემ სულიერ განვითარებაში.
მარი ბროსეს სახელობის  ქართულ-ფრანგული სკოლა მამამ აარჩია და განსაკუთრებული, რაც მახსოვს არის ის, თუ როგორ მივყავდი ყოველდღე მამას სკოლაში, დავყავდი ცურვაზე, რადგან პირველ კლასში რომ მივედი, მაშინ დაიბადა ჩემი და და, ბუნებრივია, დედა მას ზრდიდა. შემდეგ მერიკო შემოგვიერთდა, დედაც სამსახურში გავიდა და ყოველ დილით, სამივენი მამას მანქანით მივყავდით, ვლოცულობდით და ასე გვარიგებდა ჩვენ-ჩვენს ადგილებზე. ეს ჩვენი ოჯახის ერთგვარი ტრადიცია იყო, რაც ახლა ძალიან მაკლია.
– წერა როდის დაიწყეთ? პირველი ნაწარმოებები…
– გულწრფელად რომ ვთქვა, წერა ბავშვობიდან დავიწყე.  ხშირად ვიწყებდი წერას, მაგრამ არასდროს ვამთავრებდი.  პირველი ნაწარმოები, რომელიც დავიწყე და ბოლომდე მივიყვანე, სწორედ „ადამიანთა ყოფა“ იყო, რომლის წერაც 17 წლის ასაკში დავიწყე და წელიწადნახევარში დავამთავრე.
,,ადამიანთა ყოფა“ პირველი რომანი იყო…  როგორ დაიწერა ეს რომანი და რამდენი დრო დაგჭირდათ, ვიდრე „შერწყმამდე“ მიხვიდოდით?
– „ადამიანთა ყოფის“ დაწერა იყო საკმაოდ რთული, რადგან, როდესაც წერას იწყებ, არ არის საკმარისი, მოფიქრებული გქონდეს სიუჟეტი. ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი, რადგან სულ ვფიქრობდი, რომ  ჩემს სათქმელს ბოლომდე ვერ გადმოვცემდი. რთულია, სიტყვებით აღწერო ის, რაც შენს თავში ხდება, ამიტომ შევწყვიტე რამდენიმე თვის განმავლობაში რომანის წერა, თუმცა, საბოლოო ჯამში, შევძელი, დამეწერა ის, რაც მინდოდა, დამეწერა.
პირველი ნაწარმოების დასრულების შემდეგ პირდაპირ „შერწყმაზე“ გადასვლა გამიჭირდა. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ პირველი რომანის წერისას გამიჩნდა სურვილი, დამეწერა ამბავი პერსონაჟზე, რომელიც იქნებოდა ერთად გარდაქმნილი ორი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიწყებდი წერას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში „შერწყმა“ გვერდით გადავდე და სულ სხვა ამბის წერა დავიწყე და სწორედ ამ დროს მივხვდი, თუ რა აკლდა „შერწყმას“ – ეს იყო გარემო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჟანრული ლიტერატურისათვის. ჟანრის არჩევის შემდეგ დავიწყე წერა და ოთხი თვის განმავლობაში არ გავჩერებულვარ.
– ,,ადამიანთა ყოფა“ სასოწარკვეთის ნოტების ერთობლიობაა. განწირული ადამიანის ბედთან ბრძოლა. რისი თქმა გინდოდათ?
– თავიდან დაგეგმილი მქონდა, რომ „ადამიანთა ყოფა“ ჟანრობრივად უნდა ყოფილიყო ტრაგედია, რაც თავისთავად გულისხმობს ადამიანისა და ბედის დაპირისპირებას. მოცემული ამონარიდი ასახავს ჩემი მთავარი გმირის, ტელემაქეს დამოკიდებულებასა და სულიერ მდგომარეობას. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რომ არ აქვს ბედთან ბრძოლას აზრი, თუმცა ეს სიტყვები არ არის, ჩემი აზრით, განაჩენი – სწორედ ამის თქმა მინდოდა „ადამიანთა ყოფით“ და სწორედ ამიტომ დავარქვი მას ტრაგედია. ტრაგედია, რომელიც იმედით მთავრდება.
მეორე რომანის  – ,,შერწყმის“ წარდგენა ახლახან გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რომანის პერსონაჟები ცდილობენ, სამყარო უკეთესი გახადონ… იმედი მაინც ამოანათებს, როცა ელიოზი დაიბადება… როგორ ფიქრობთ, წინ რა უდგას ადამიანის სრულყოფილებას?
 – „შერწყმა“ არის დისტოპიური ნაწარმოები. ჩემ მიერ შექმნილი საზოგადოება არ აძლევს თავის წევრებს საშუალებას, წავიდნენ კეთილდღეობისაკენ. პერსონაჟები ერთი შეხედვით განწირულები არიან, მაგრამ ყველაფერი იცვლება ელიოზის დაბადების შემდეგ და სწორედ აქ იხატება კონტრასტი მასსა და სხვა, აქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. ელიოზი საკუთარი უბრალოებითა და სისპეტაკით დაუმტკიცებს ყველას, რომ სწორედ ის არის სრულყოფილი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული ადამიანი.
როგორ დაწერეთ ეს რომანი, რამ შთაგაგონათ?
– ამ კითხვას პრეზენტაციაზეც ველოდი, ამიტომ წიგნის წარდგენისას  ვთქვი,  რომ ეს არის კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს არასდროს ვუსვამ, რადგანაც დიდი ხნის წინ გამოვრიცხე, რომ ამ ქალაქს შეიძლებოდა ჰქონოდა რეალური საწყისი. რა თქმა უნდა, მას აქვს რეალური საწყისი, თუმცა მინდა, ჩემთვისაც ეს ნაწარმოები გამიჯნული იყოს  რეალობისგან და დარჩეს ისეთივე ბუნდოვანი და მისტიკური, როგორიც, იმედი მაქვს, დარჩება მკითხველისათვის.
რომელმა მწერლებმა დატოვეს საგრძნობი კვალი თქვენზე?
– როდესაც „შერწყმაზე“ ვლაპარაკობ, პირველ რიგში, მახსენდება თაკო ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნის“ ავტორი. დისტოპია არ არის მარტივი ჟანრი და დიდი ხნის განმავლობაში ვერიდებოდი მის არჩევას, რადგანაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. თაკოს სადებიუტო რომანმა მომცა გამბედაობა, ამერჩია ეს ჟანრი და შემექმნა ის სამყარო, რაც დღეს არის „შერწყმაში“.
ძალიან ბევრს ვკითხულობ როგორც ქართულად, ასევე ფრანგულად, მაგრამ საყვარელ მწერალს, სამწუხაროდ, ვერ გამოვყოფ, თუმცა ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ჩემი დიდი შთაგონების წყარო აღმოჩნდა ამერიკელი მწერალ ფილიპ კ. დიკის რომანები.
მონპელიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობთ… რამდენად გიშლით ეს ხელს შემოქმედებით საქმიანობაში, თუ პირიქით, გარკვეულად იქნებ, გეხმარებათ კიდეც?
– არანაირად არ მიშლის ხელს შემოქმედებით საქმიანობაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ რთული სწავლის რეჟიმი მაქვს, წერა ჩემთვის არის უდიდესი განტვირთვა, რისთვისაც დროს ყოველთვის ვპოულობ.
19 წლის ხართ… საფრანგეთში ცხოვრობთ. შორიდან დანახული საქართველო… რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ? რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– შეიძლება სუბიექტური ვიყო და ეს ყველაფერი ნოსტალგიის ბრალიც იყოს, მაგრამ შორიდან დანახულ საქართველოში ყველაფერი მომწონს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი სასწავლო პროფილის გამო, ბევრ სამართლებრივ საკითხზე დავფიქრდი და ვფიქრობ, ჩვენს იურიდიულ რეალობაში ბევრი რამაა შესაცვლელი.
თუ გყავთ იდეალი?
– ჩემი იდეალები არიან მშობლები და ჩემი გამზრდელი დეიდა.
გავიგე, მესამე რომანს წერთ… რაზე იქნება ეს რომანი?
– სიმართლე რომ გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ თითქმის ნახევარი უკვე დაწერილი მაქვს, მესამე რომანი მოცულობით იქნება იმდენად დიდი და იმდენად განსხვავებული ყველაფრისაგან, რაც აქამდე დამეწერა, რომ გამიჭირდება მთავარი სათქმელის გამოყოფა.
მოთხრობებიდან რომელს გამოყოფდი?
– ჩემი ბავშვობის საყვარელი მოთხრობაა – „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ხშირად ვუწოდებ მას ჩემი ბავშვობის ტკივილს. არ შემიძლია, არ გამოვყო ასევე გიორგი ლეონიძის მოთხრობათა კრებული „ნატვრის ხე“, სადაც ყოველი მოთხრობა გამოირჩევა საკუთარი ინდივიდუალობით. აქვე ვიტყვი, რომ ამ კრებულში ჩემი საყვარელი მოთხრობა არის „ფუფალა“.
თავად მოთხრობებს იშვიათად ვწერ. ალბათ სულ 7 მოთხრობა მაქვს დაწერილი. მათგან გამოვყოფდი ,,ასოთხმოც მარგალიტს”. თუმცა მოთხრობები არასოდეს დამიბეჭდავს.
–  გოდერძი ჩოხელი გიყვართ. თქვენი ფიქრით, რა არის ადამიანთა სევდა?
– იმის მიუხედავად, რომ საყვარელ მწერალს ვერ გამოვყოფ, ყოველთვის პირველი გოდერძი ჩოხელი და სწორედ „ადამიანთა სევდა“ მახსენდება. ეს არის გენიალური ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და მიყვარს ყოველი ის ემოცია, რომელსაც მისი კითხვისას ვგრძნობდი.
ჩემი აზრით, ადამიანთა სევდა სწორედ რომ ადამიანობის დაკარგვა. სწორედ ამას გვეუბნება ავტორი, როდესაც ამბობს: „სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა“.
– სამომავლო გეგმები…
– მომავალზე ფიქრი არ მიყვარს, მაგრამ ჩემს პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება, მაქვს საკმაოდ ბევრი გეგმა, რაც, ალბათ, ბუნებრივია ჩემს ასაკში. არ ვიცი, რომელი კუთხით ჩამოვყალიბდები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთ საქმიანობას ვერ დავჯერდები.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ცურვა, წყალი ბავშვობიდან ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება, რაც არა ერთხელ ვთქვი ჩემი პერსონაჟების პირით. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ მიზიდავს მიზანში სროლა.
წერა-კითხვას რაც შეეხება. კითხვა, რა თქმა უნდა, მიყვარს, წერას კი ჰობს ვერ დავარქმევ, რადგანაც წერა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები