გაურკვეველი დაავადებით კუბაში მყოფი კიდევ ერთი ამერიკელი დიპლომატი დასნებოვნდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, გაურკვეველი დაავადებით კუბაზე მდებარე აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი დასნებოვნდა. ბოლო შემთხვევის გათვალისწინებით, კუბაზე, იდუმალი დაავადებით დასნებოვნებული ამერიკელების რიცხვმა 26-ს მიეღწია. ბოლო ანალოგიური შემთხვევა კუნძულზე მიმდინარე წლის 21 ივნისს დაფიქსირდა, ხოლო პირველად გაურკვეველი წარმოშობის დაავადებით დასნებოვნების ფაქტი – 2017 წლის აგვისტოში.
ამერიკელი ექსპერტები და მკვლევარები ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ დაადგინონ, თუ რა დაავადებით არიან დასნებოვნებული დიპლომატები. მომხდართან დაკავშირებით, ამერიკელი ექსპერტების პარალელურად, გამოძიებას კუბელი სამართალდამცველებიც ატარებენ, თუმცა ამ დრომდე ვერ დგინდება, რა პირობებში მოხდა 26 დიპლომატის დასნებოვნება.
თეთრმა სახლმა რამდენი ხნის წინ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკელი დიპლომატები კუბაზე „ბგერითი ტალღების შეტევის“ ობიექტებად იქცნენ, თუმცა შეტევის განმახორციელებელი მხარის ვინაობა არ დასახელებულა.