გიორგი აბდალაძე მთავარ პროკურორად ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, გენერალურ პროკურორად ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ნადარეიშვილის მხარდასაჭერი პოსტი აბდალაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი ე.წ. “ფოტოგრაფების” საქმე სწორედ ნადარეიშვილის უშუალო ჩართულობით გაიხსნა.

“რა დროს ფეხბურთია დღეს ყველა იმ ადამიანმა ვინც წინა ხელისუფლების პერიოდში საკუთარ ტყავზე იგრძნო ის უკანონობა რაც ხდებოდა ყველამ ამოიღეთ ხმა და არ დაუშვათ რომ ადეიშვილის კადრები მოვიდნენ პროკურატურაში. ყველა ჩვენგანის საქმე ერთი კაცის ხელმძღვანელობით გაიხსნა და ყველას ვთხოვ მხარი დავუჭიროთ ირაკლი ნადარეიშვილს გენერალურ პროკურორად
თხოვნაა ყველამ გააზიაროთ”, – წერს აბდალაძე.

4 ფოტოგრაფი – ევროპის პრეს ფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე 2011 წლის ივნისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საქმეზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო საზოგადოებამ ვერ გაიგო, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად დაკავებულებს. კიდევ ერთი ფოტოგრაფი, “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც, ასევე, წაიყვანეს სამართალდაცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

რამდენიმეკვირიანი პატიმრობისა და ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ბრალის აღიარების სანაცვლოდ ისინი საპროცესო გარიგებით გაათავისულეს. მოგვიანებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოეხსნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები