მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთში ვიზიტისას ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან: პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ილჰომ მაჰკამოვთან და ინვესტიციების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვთან.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების გარშემო შედგა, აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთან, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება. შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეტი სავაჭრო მისიისა და ბიზნეს ფორუმის ჩატარების საკითხი.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, რომელთა გაღრმავებაზეც ვიმსჯელეთ. ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. შევეხეთ არაერთ პოტენციურ ახალ პროექტს, რომლითაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ასეთივე ნაყოფიერი იყო შეხვედრები უზბეკეთის ტრანსპორტისა და ინვესტიციების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრებთან. შეხვედრებისას აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაკეთდა, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, სამოქალაქო ავიაციის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია, გაზარდოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის კუთხით, ასევე – ტვირთნაკადი საქართველოს დერეფანში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის როლის გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უზბეკეთიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდის საკითხზე. ასევე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ შუა დერეფნის როლი და ამავდროულად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია – რომ ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მნიშვნელოვანი დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის როგორიცაა – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი ტაშკენტის ტექნოპარკს ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები