დავით უსუფაშვილი ფრანგ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფრანგ სენატორს შეხვდა. უსუფაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა საფრანგეთს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. მან მადლობა გადაუხადა ფრანგ ერს იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც დღემდე გრძელდება. მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს პარლამენტებს შორის ურთიერთობის აუცილებლობა.
„ჩვენ ვიცით, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ კურსს და ცხადია, ეს ვიზიტიც ამ კონტექსტში აღიქმება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მხარეებმა შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ისაუბრეს. ასევე საუბარი შეეხო სამთავრობო, საპარლამენტო და დეცენტრალიზებულ დიპლომატიასაც.
„რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ევროპაში ასოცირების გზაზე საფრანგეთი გვპირდება ყველა შესაძლო სახის დახმარებას – პოლიტიკურ დახმარებას, ეკონომიკურ დახმარებას, ფინანსურ, ტექნოლოგიურ დახმარებას და იმ ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ სიმაღლეზე აყვანას. კონკრეტულად საფრანგეთის მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა დღევანდელ ევროპაში, არამედ იმიტომ რომ არის ხოლმე გარკვეული სკეპტიკური მოსაზრებები იმის თაობაზე, ერთიანია თუ არა ევროპა საქართველოსთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და სენატორების ვიზიტი ადასტურებს, რომ ამ საკითხში ევროპა ერთიანია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ასევე საუბარი შეეხო ნატო – ს სამიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-ს სამიტიდან ქართული მხარე სასარგებლო გადაწყვეტილებებს ელოდება. საქართველოს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტების ხანგრძლივობა გაიზარდოს, რათა უკეთ მოხდეს ურთიერთობების ჩამოყალიბება. ფრანგი სენატორის, საფრანგეთის სენატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ალან გურნაკის თქმით, საფრანგეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
„ფრანგი მეგობრების სახელით გარწმუნებთ, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – განაცხადა ალან გურნაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები