„თოჯინებს სახელებს იშვიათად ვარქმევ“…

ხატვის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, ხელსაქმე კარგად ეხერხებოდა, მაგრამ რატომღაც მშობლების გავლენით სამედიცინო ინსტიტუტში  განაგრძო სწავლა.
მოგვიანებით მიხვდა, რომ თოჯინების შექმნა მისი საყვარელი საქმიანობა იყო.
ამბობს,  რომ ახლა რომ ირჩევდეს პროფესიას, მშობლებს აღარ დაუჯერებდა…
ერთი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. ბაქოს, პრაღის, მიუნსტერის, ალიკანტეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა.
ამჟამად აგრძელებ მსურველების მიღებას თოჯინის შემსწავლელ კურსზე. – თვითნასწავლი მეთოჯინის, ნანა ყაულაშვილის პერსონა.

 – მშობლები პედაგოგები იყვნენ, მამა ხატვის მასწავლებელი იყო და სწორედ აქედან მომდევს ხატვის სიყვარული. ბავშვობიდან მიტაცებდა ხელსაქმე, ქსოვა, ქარგვა, კერვა..
ჩემი პროფესიის არჩევაზე გავლენა მშობლებმა მოახდინეს. მინდოდა პიანისტი ან მხატვარი გამოვსულიყავი. დედამ პიანისტობა გადამაფიქრებინა იმ მოტივით, რომ მეორე ელისო ვირსალაძე ვერ გავხდებოდი. მამამ მხატვრობა გადამაფიქრებინა. მისი აზრით, არასაკმარისად ნიჭიერი ვიყავი ამისათვის. საბოლოოდ სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე მოვხვდი პირველივე ცდით, ერთი გამოცდით.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს მეთოჯინეობას და ექიმობას?
– მთელ ჩემს თავისუფალ დროს თოჯინებს ვუთმობ. სამსახურიდან პირდაპირ სახლში გამოვრბივარ, რომ საყვარელი საქმე ვაკეთო. ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, აღარ დავუჯერებდი მშობლებს….
– როგორ მუშაობთ? ტიპაჟები ალბათ ზღაპრის გმირები არიან…
– თოჯინის კეთება ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა. ხანდახან წინასწარ ვიცი, რა ტიპაჟი უნდა გავაკეთო, ხელში რა უნდა ეკავოს, რა სამოსი უნდა ჩავაცვა. ხან ყველაფერი სპონტანურად ხდება. კონკრეტულ პერსონაჟებსა და სახეებზე არასდროს ვმუშაობ. გაცილებით საინტერესოა,  როცა არ იცი, ვინ გამოვა. და როდესაც სახეს მოხატავ და თვალებს გაახელს, ხვდები, ვინაა, რა სამოსი უნდა ჩააცვა.
სახელებსაც იშვიათად ვარქმევ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველამ, ვინც ნახავს თოჯინას, თავისი პერსონაჟი უნდა იპოვოს მასში. მეორე მიზეზი იმისა, რომ არ ვარქმევ სახელებს, ისაა, რომ თოჯინა მყავს ამჟამად სახლში და უბრალოდ შეუძლებელია თითოეულის სახელის დამახსოვრება.
–  პირველი თოჯინა…
– პირველი თოჯინის შექმნა იყო ძალიან საინტერესო. ეს იყო დიდი ექსპერიმენტი ჩემს ცხოვრებაში. დღე და ღამე არ მეძინა, ისე გამიტაცა. მაშინ მხოლოდ ინტუიციით ვმუშაობდი, რადგან თვითნასწავლი ვარ.
– არ გიძნელდებათ გაყიდვა?
– მაქვს თოჯინები, რომელთაც არასოდეს გავიმეტებ გასაყიდად. გაყიდვისას თოჯინასთან განშორება არ მიჭირს, პირიქით – მახარებს, როდესაც ჩემს შრომას აფასებენ და თოჯინა სახლში მიჰყავთ.
– მასალა, რისგანაც  თოჯინები მზადდება.. . რამდენად რთულია ეს პროცესი?
– თოჯინებს თვითგამყარებადი იაპონური პოლიმერული მასით ვამზადებ. ერთი თოჯინის შექმნას ორი კვირიდან ორ თვემდე სჭირდება, გააჩნია ზომას და სირთულეს. ვძერწავ თავს და კიდურებს, შემდეგ ვაპრიალებ, მოვხატავ, თმებს ვუკეთებ, ვაკეთებ ტანს მეტალის „კარლასზე“, სამოსს, ფეხსაცმელს. ხანდახან სკამს ან სავარძელსაც ვუკეთებ, რომ ლამაზად დასკუპდეს.
– გამოფენები…
– მონაწილეობა მივიღე ბაქოს, პრაღის, მიუნსტერის, ალიკანტეს საერთაშორისო გამოფენებში. თბილისში ერთი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა მქონდა.
–  უცხოეთის რომელ ქვეყნებშია თქვენი თოჯინები?
– ჩემი თოჯინები არის მრავალ ქვეყანაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ჩინეთში, გერმანიაში, რუსეთში…
–  ჰობი…
– ჩემი ჰობია ფორტეპიანოზე და გიტარაზე დაკვრა.
– მოსწავლეები გყავთ…
– მყავს მოსწავლეები, რომლებიც თოჯინების დამზადების ხელოვნებას ეუფლებიან. მოდიან ჩემთან ბინაში სკოლებიდან ექსკურსიები, რომელთათვისაც ვატარებ მასტერკლასს.
– რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვმუშაობ თოჯინაზე, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ თავი აქვს. ეს ის გამონაკლისია, როდესაც თოჯინას სახელს ვარქმევ. ჩემმა ფეისბუქმეგობარმა შეურჩია სახელი – მატილდა. ძალიან მოუხდა.
– გეგმავთ?
– რაც შეეხება გეგმებს, ვაგრძელებ მსურველთა მიღებას თოჯინის შემსწავლელ კურსზე, ასევე ერთ-ერთი სკოლა დაინტერესდა და შემომთავაზა თოჯინების კურსის გაძღოლა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები