“სამინისტროების გაერთიანების შემდეგ უნდა დაიწეროს დებულებები, რომლებშიც მიზნები ადეკვატურად იქნება ასახული”

მინდა, რჩევა მივცე პრემიერ-მინისტრს, მინდა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს ზოგ შემთხვევაში თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურების დებულება ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროების გაერთიანების შემდეგ უნდა დაიწეროს დებულებები, რომლებშიც მიზნები ადეკვატურად იქნება ასახული.
„მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ მთავრობის ახალ სტრუქტურას, რომლის მიზანიც არსებული რეალობის შეცვლაა. როდესაც არსებობს ასეთი სურვილი, ის გარკვეულ შინაგან ენერგიას და მხარში დგომას მოითხოვს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა არ გულისხმობს კრიტიკისგან თავის შეკავებას, მაგრამ, ეს კრიტიკა რომ მინიმალური იყოს, აუცილებელია, დავინახოთ ამ ცვლილებების ადეკვატურობა. ამას ელის საზოგადოებაც. ადეკვატურობა ნიშნავს საზოგადოებაში არსებული პრობლემების რეალურ აღქმას და შესაბამის რეაგირებას. ერთი რჩევა მინდა მივცე პრემიერ-მინისტრს რეორგანიზაციის პროცესში გასათვალისწინებლად. ბევრ სტრუქტურაში მიმუშავია და კარგი იქნება, თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს ზოგ შემთხვევაში თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურის დებულება ჰქვია. ბევრი თანამშრომელი ვიცი სამინისტროს სტრუქტურებში, რომლებსაც წაკითხულიც კი არ აქვთ უწყების დებულება. კარგი შანსი გვაქვს, ძალიან კვალიფიციურად მოვამზადოთ გაერთიანებული სამინისტროების დებულებები, სადაც მიზნების ადეკვატურობა იქნება გამოკვეთილი”, – აცხადებს კაკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები