თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერ დასაკავებელ პირთა სია 192-მდე გაზარდეს

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერ დასაკავებელ პირთა სია, 192-მდე გაზარდეს, – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქულ მედია-საშუალებებზე დაყრდნობით იუწყება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, დასაკავებელ პირთა სიაში 132 ადამიანი იყო შეყვანილი, ხოლო მოგვიანებით, მათი რაოდენობა 192-მდე გაიზარდა. დასაკავებელ პირთა ნუსხაში, 30 პირი თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომელია.
დაკავების ოპერაცია, თურქეთის 16 პროვინციაში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, 2 წლის წინ ჰქონდა ადგილი, რა დროსაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2000-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ მომხდარში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. 2 წლის მანძილზე, თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფეთჰულა გიულენის არაერთი მხარდამჭერი და ამბოხების მონაწილე დააპატიმრა. გიულენი კი, მომხდარში მის როლს, ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები