მამუკა ბახტაძე: ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მაღალხარისხიანი ორგანული პროდუქტის წარმოებაზე

„ჩვენი ინიციატივა, რომ დღგ-ისგან გაგვეთავისუფლებინა, როგორც ნატურალური რძე, ასევე ნებისმიერი რძის პროდუქტი, იყო მნიშვნელოვანი სტიმული ამ საქმით დაკავებული ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
„როგორც აღიარეს, რომ საქართველო არის ღვინის კულტურის აკვანი, ძალიან საინტერესო მონაცემები არსებობს ამ თვალსაზრისით ყველთან დაკავშირებითაც, რომელსაც, ვფიქრობ, განვითარება სჭირდება, რადგან მეცნიერების უმრავლესობა ამბობს, რომ ღვინო და ყველი, ეს ორი პროდუქტია, რომელიც ერთმანეთის პარალელურად უნდა განვითარებულიყო. ვფიქრობ, ამ კუთხით ბევრი სიურპრიზი გველის წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გლეხები შეძლებენ, უფრო ძვირად გაყიდონ თავიანთი ნატურალური რძე და მიიღონ მეტი შემოსავალი, ხოლო ჩვენს მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რძის ფხვნილი ჩაანაცვლონ ნატურალური რძით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ჩვენ გვსურს, იგივე განვახორციელოთ ნატურალურ წვენებთან დაკავშირებითაც. ჩვენი ეკონომიკის ზომიდან და მცირემიწიანობიდან გამომდინარე, ჩვენი აქცენტი უნდა იყოს მაღალხარისხიანი ორგანული პროდუქტი. ჩვენ არ გვაქვს მასშტაბური წარმოების რესურსი, მაგრამ რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ უნიკალურად, ხარისხიანად და ისე, რომ ეს იყოს დამატებით შემოსავლის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი გლეხებისა და ფერმერებისთვის. ღვინოს, ვაზის კულტურა და ფასეულობა, რითაც ჩვენ ასე ვამაყობთ, უნდა გავუზიაროთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ეს ჩვენმა წინაპრებმა ერთობლივად შექმნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები