ბომბის არსებობაზე მიღებული შეტყობინება, როსტოვში ბარებისა და რესტორნების ევაკუაციის მიზეზი გახდა

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მათ უამრავი შეტყობინება მიიღეს ბომბის არსებობის თაობაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო შეტყობინება რუსმა სამართალდამცველებმა როსტოვში მიმდინარე მატჩისას მიიღეს, რის გამოც, ქალაქში არსებული ბარებისა და რესტორნების ევაკუაცია გახდა საჭირო.
„მიმდინარე წლის 26 ივნისს, როსტოვის პოლიციაში, ბომბის არსებობის შესახებ, რამდენიმე შეტყობინება შევიდა. პოლიციელებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მთელი რიგი ღონისძიებები გაატარეს, თუმცა, რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა არცერთ ლოკაციაზე არ აღმოჩნდა“,- ამის შესახებ განცხადება როსტოვის პოლიციამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი „ფიფას“ ორგანიზებით მიმდინარეობს. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა პირობა დადეს, რომ ღონისძიება უსაფრთხო გარემოში ჩატარდებოდა, რის გამოც ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები