რამაზ მარგოშვილის მეუღლემ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მეუღლის ხმა ამოიცნო

ტერორიზმში ბრალდებულის რამაზ მარგოშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში მისი მეუღლის ხმა ამოიცნო. ამის შესახებ მედიკო მარგოშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.
თავად ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა ციხიდან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმოვანი შეტყობინება, რომელიც ამერიკელმა ექსპერტებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან ამოიღეს, მას არ ეკუთვნის.
თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ამერიკელმა სპეციალისტებმა ექსპერტიზა დაასრულეს. სპეცოპერაციის შემდეგ სახლიდან ამოღებული ტელეფონი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიკვლიეს.

“ქრონიკამ” ექსკლუზიურად მოიპოვა მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი, სატელეფონო ამონაწერია. ამონაწერიდან ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული.
შეტყობინებაში მარგოშვილი მაჩალიკაშვილს პირადი მონაცემების გაგზავნას სთხოვს და ეუბნება, რომ “ევროპიდან სახლის დასაქირავებლად ფულია გადმოსაგზავნი”.

თემირლან მაჩალიკაშვილისა და ახმედ ჩატაევის კავშირს კატეგორიულად უარყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და აცხადებს, რომ მისი შვილი ახმედ ჩატაევს არ იცნობდა.

ასევე ცნობილი გახდა იმ ბინის შესახებ, სადაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისში ჩამოსვლისას იქამდე ქირაობდნენ, ვიდრე ისანში, სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. ბინის მეპატრონემ “ქრონიკასთან” საუბარში დაადასტურა, რომ ბინაში თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიასთან საუბარში მეზობლები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს პირად არ იცნობდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა.

ასევე ცნობილია, რომ ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ Wi-Fi იყო დაყენებული, რომლის პაროლიც “Temirlani”-ი იყო.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი – საედ დუდაევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბოლო რამდენიმე კვირის წინ პანკისში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები