ნიდერლანდების ელჩი საქართველოში: მართლწესრიგის ოფიცერი, შესანიშნავი იდეაა, ეს არის პოლიციელი, რომელიც ხალხის გვერდით დგას და მათ ეხმარება

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართლწესრიგის ოფიცრის ახალი ინსტიტუტის შექმნის საკითხი შეაფასა.
„მართლწესრიგის ოფიცერი – ეს არის შესანიშნავი იდეა. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ გაეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ამდენი სოფლები, ამდენი უბნები ქალაქებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იცნობდეს პოლიციელებს, ვინც მათ იცავს, იძიებს საქმეებს, ვინც თვალყურს ადევნებს, ვინც ამჩნევს სამართალდარღვევებს ქუჩებში და შესაბამის ზომებს იღებს. ეს ზომები შეიძლება იყოს მოსახლეობის გამოკითხვა, მათი მდგომარეობით დაინტერესება, მათი პრობლემების გაცნობა. ეს არის პოლიციელი, რომელიც ხალხის გვერდით დგას და რომელიც ეხმარება ხალხს. მათ აუცილებლად უნდა მოუსმინონ და დააკვირდნენ ხალხს“, – განაცხადა იოჰანეს დაუმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ინიციატივებს. კერძოდ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ.
როგორც ცნობილია, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები