კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.
კახა კალაძის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.
„კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო გზის სამუშაოები მიმდინარეობს. რვა კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. უკვე ჩატარდა მიწისქვეშა სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული იყო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც სარეაბილიტაციო მონაკვეთში წყალგაყვანილობის ქსელის მოსაწესრიგებლად, ორი მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მომავალ წელს კი, თავისი გზაგამყოფებით, მწვანე ნარგავებითა და განათების სისტემით კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სრულად მოწესრიგებას დავიწყებთ. აქ უკვე დაწყებულია ბორდიურის მოწყობა. უახლოეს დღეებში ასევე, მწვანე სივრცეების მოწყობას დავიწყებთ. ვფიქრობ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დედაქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა, ამ ეტაპზე კი, ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე ორ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყალგაყვანილობისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო და სამ თვეში დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.
მიმდინარე პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები