ავღანეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ავღანეთში, ქართულ ბაზა “შირგაზაზე” განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. 2013 წლის 13 მაისს ჰელმანდის პროვინციაში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაღუპული გმირების ხსოვნას დღეს ქართველმა სამხედროებმა პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და თანამებრძოლებმა ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედროების, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძის, კაპრალების ალექსანდრე კვიწინაძის და ვლადიმერ შანავას საფლავები გვირგვინით შეამკეს.
წალენჯიხაში სპორტულ დარბაზს კაპრალ ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა. ასევე, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა 10 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის.
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. მას სიცოცხლეში მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. მას სიცოცხლეში მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
კაპრალი ვლადიმერ შანავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. მას სიცოცხლეში მიღებული აქვს მედალი “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები