ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დროისთვის 33 პირია შეყვანილი

მთავრობის დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე ახლადფორმირებულმა მთავრობამ პირველივე სხდომაზე განიხილა.
„პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას დაგპირდით, რომ მთავრობის პირველივე სხდომაზე ჩვენ წარმოვადგენდით ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს.
პირველი დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და პრინციპულ საკითხს – შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების საკითხს.
როგორც იცით, 21 მარტს, პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”. ამ სიაში შეყვანილნი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა.
სიაში, ჯერჯერობით, შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან – დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ გამოძიებას, და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომლებიც უნდა გატარდეს ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ – ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტს და მთავრობას.
ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას” ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს.
საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს და უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელების და იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული დაფარეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები